გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი საკუთარ ჩვენებაში 18 ივნისის საღამოს დეტალებზე ყვება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ ის მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა და დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ჩვენებაში, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა, გიგა ტატიაშვილი აცხადებს, რომ მან ავტომობილი მანქანაში მსხდომი პირების დაჟინებული მითითების საფუძველზე გააჩერა სწორედ იმ დროს, რა დროსაც მაგისტრალზე შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გადაადგილდებოდნენ.
„როდესაც ჩვენ შევედით მცხეთაში, ვინაიდან მე ვიცოდი, რომ ჩემი კლასელები ფეხით მოძრაობდნენ გზის მეორე მხარეს და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით, მანქანა დავატრიალე ნატახტართან მდებარე ხიდზე და წავედი თბილისის მიმართულებით. გზაზე შემხვდნენ ჩემი კლასელები, გავუჩერე მათ მანქანა. ვიფიქრე, რომ ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემ მანქანაში მყოფ პირების უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა იყვნენ ჩემთვის უცნობი ბიჭები, ვინც სცემეს ჩემი კლასელები, რაზედაც ჩემს მანქანაში მსხდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა. მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ კარი და გადმოსულიყვნენ რაზედაც გავხდი იძულებული, მანქანა გამეჩერებინა. როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე მათ ვთხოვდი, თავი დაენებებინათ მისთვის და წამოსულიყვნენ. ჩემ კლასელებს მოვატყუე, რომ პოლიცია მოდიოდა, რა დროსაც ისინი ჩასხდნენ ჩემ მანქანაში და წამოვედით“, – აცხადებს გიგა ტატიაშვილი ჩვენებაში.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.