გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას არ აპირებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას არ აპირებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის უფლებადამცველის, გიორგი ყიფშიძის განმარტებით, ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების აზრს, ვინაიდან შედეგი იგივე დადგება.

მისი განცხადებით, 17 ადამიანის პატიმრობის გამოყენებით ცალსახად დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, საზოგადოებას დაანახონ შედეგი, რომელიც რეალურად არ არის.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სასამართლო პროცესს, პრაქტიკულად ბრალდების მხარე და სასამართლო იყვნენ ერთ მხარეზე, დაცვის მხარე მეორე მხარეზე. რეალურად ეს წინასწარ დაწერილი სცენარი იყო. თავშივე ვიცოდით, რომ ბოლოში იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, ამ 17 ადამიანის მიმართ პატიმრობის გამოყენებით ცალსახად დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოები და არამარტო, ცდილობენ, რომ რეალურად ვითომდა საზოგადოებას დაანახონ შედეგი, რომ 17 ადამიანი დააკავეს, რაღაც კავშირში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან მიმართებით. ზოგადად პირდაპირი კავშირი გამორიცხულია. თვითონ სხვა ვერსიას განიხილავენ და უბედურ შემთხვევას აპელირებენ კულუარულ საუბრებში. 225-ე მუხლი არის პოლიტიკური მუხლი. პრაქტიკულად, ეს ადამიანები დასაჯეს და შექმნეს პრეცედენტი, რომ მარტივად ივაჭრონ სასურველი საპროცესო შეთანხმების მისაღებად. მოსამართლემ თავშივე იცოდა, რა უნდა ეთქვა ბოლოში. რაც შეეხება გასაჩივრებას, მე ამის ლოგიკურ აზრს ვერ ვხედავ. იგივე მოხდება აპელაციაშიდაც, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. რაც შეეხება გიგა ტატიშვილის ზოგად ბრალდებას, მას ედავებიან ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფის შექმნას, სპონტანური ჯგუფია, როგორ შეიძლება, ორგანიზება გაუწიოს და შექმნას რამდენიმე წუთში ასეთი ჯგუფი, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. რეალურად ისჯება 17 ადამიანი მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას დაანახოს პროკურატურამ და არამარტო პროკურატურამ, რომ რაღაც გაკეთდა. სხვაგვარი ახსნა და ლოგიკა ამას არ აქვს. პირდაპირ გეუბნებით, ამ 17 ადამიანის პატიმრობით პროკურატურამ და მათ უკან მდგომმა ყველა სუბსტანციამ საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს ეს ადამიანები და დაანახეს საზოგადოებას, რომ ესენი არიან საშინელები და მათ გამოიძიეს ეს საქმე. და გამოძიებული რა არის?! არაფერი“, – აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიგა ტატიაშვილი იმყოფებოდა წვეულებაზე, კონფლიქტის დაწყების შემდეგ კი მალევე ტერიტორიას მეგობრებთან ერთად განერიდა. თუმცა, თავად არც წვეულებაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ადვოკატის თქმით, ასევე სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებმ რომ ტატიაშვილს ხიდზე მომხდარ ეპიზოდში ხელში ხელკეტი ეჭირა.

„თავად ტატიშვილი იმყოფებოდა წვეულებაზე. როცა მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა, ძალიან მსუბუქი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქაც კი არ ესწრებოდა ამ შეხლა-შემოხლას. შემდეგ წამოვიდნენ, რა დროსაც რომელიღაცას დაურეკეს, ორი დარჩა წამოსაყვანიო და მობრუნდნენ. იმ კადრებში, რომელიც პროკურატურამ დადო, წარმოუდგენელია ვინმეს იდენტიფიცირება მოახდინო, მაგრამ ზოგადად ხვდები, რომ მძღოლის მხარეს ეს ზის. რომ გადმოდის, ჩერდება მანქანასთან, ხელში არაფერი უჭირავს და დღეს აჭრელებულია ტელევიზიები, რომ ხელში უჭირავს რკინა. სინამდვილეში ამ ადამიანს არავისთვის არც დაურტყამს, არც არაფერი ჰქონია ხელთ. არც გარდაცვლილი იცის, სად იყო და რა დაემართა. შემხებლობა არ ჰქონია ამ ყველაფერთან“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.