გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლოში დაკითხვა გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების დაკითხვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა, რომელსაც პროკურატურა არ დაეთანხმა. მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს.
როგორც საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ვიდეომტკიცებულებების ექსპერტიზასთან დაკავშირებით, მოქმედ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა.
„სხდომაზე ზ.ხ-ს ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ. საუბარია დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ვიდეომტკიცებულებების ექსპერტიზაზე. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა და წარმოდგენილი იყო ამ საქმეზე დამატებითი მტკიცებულება, რომლის საპროცესო საფუძველი მანამდე არ არსებობდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმეთ. ამასთან, წარმოდგენილი მასალები იყო არასრული.
ვინაიდან მტკიცებულების უტყუარობა არ იქნებოდა სარწმუნო, არ დავეთანხმეთ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებას. მოსამართლე გადაწყვეტილებას შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოაცხადებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს, აუცილებელია, ყველა სახის მტკიცებულების დაშვება, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ კავშირშია ამ სისხლის სამართლის საქმესთან. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურის არგუმენტი მათ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არასწორია.
„პროკურატურა არ დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმეში დართვას. პროკურატურა ამ შუამდგომლობის დაშვებას იმ არგუმენტით არ დაეთანხმა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დადგენილების გარეშეა წარმოდგენილი, რაც არ არის არგუმენტი იმისა, რომ სასამართლომ არ დაუშვას ეს მტკიცებულება. აღნიშნული მტკიცებულება პირდაპირ კავშირშია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან, დაზარალებული პირების მიერ მიცემულ ჩვენებებთან, ამირხანაშვილის, ახვლედიანის და ა.შ.
საქმეზე სამართლიანი განაჩენი რომ დადგეს, ყველა სახის მტკიცებულება უნდა იყოს დაშვებული. დღეს ჩვენება საქმეში ბრალდებულ ორ პირს უნდა მიეცა, ეს არის გიორგი მერაბიშვილი და არასრულწლოვანი ლ.შ, თუმცა აღნიშნულ შუამდგომლობაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, სასამართლოს დამატებითი დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, ბრალდებულები დღეს არ დაიკითხნენ“,- განაცხადა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.
საქმეზე სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.