გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე დღეს ორი ბრალდებული დაიკითხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ორი ბრალდებული დაიკითხება. არასრულწლოვნების ეპიზოდის საქმის განხილვა თითქმის ფინალურ ეტაპამდეა მისული. ექვსი არასრულწლოვნიდან სამი ბრალდებული წინა სხდომაზე დაიკითხა, ორს კი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს მოუსმენენ.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს განაჩენთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
„წინა სხდომაზე ბრალდებულები დაიკითხნენ და სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია. არ გამოკვეთილა და არ დადასტურებულა, რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დარჩენილი სამიდან ერთი მოწმე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.შ. მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მყარად დასტურდება, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული. მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინები, ვფიქრობ, უკვე დაწერილია სცენარი და ამ სცენარის აღსრულება ხდება“, – განაცხადა ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.