გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება. ადვოკატის თქმით, სამი მოწმიდან ორი გამომძიებელია, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო მესამე გიორგი შაქარაშვილის დედაა. ადვოკატის განცხადებით, იმედოვნებს, რომ სასამართლო სრულყოფილად შეაფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და გამამართლებელ განაჩენს მიიღებს.

„სხდომა განახლდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. სულ სამი მოწმე დარჩა. ჩვენ ასევე კონსულტაცია გავუწიეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს და ისინი მზად არიან, სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია და პასუხი გასცენ ორივე მხარის კითხვებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ მოწმეს გამოაცხადებს ბრალდების მხარე. იმ შემთხვევაში, თუ სამივე მოწმე გამოიკითხება დღევანდელ პროცესზე, შესაძლებელია, კანონთან კონფლიქტში მყოფი სხვა არასრულწლოვნებიც დაიკითხონ. წერილობითი და ვიდეომტკიცებულებები გამოკვლეულია, შესაბამისად, ბრალდების მხარეს რჩება მხოლოდ და მხოლოდ ეს სამი მოწმე. რაც აქამდე სასამართლოზე იქნა გამოკვლეული, უტყუარად დადასტურდა ჩვენი პოზიცია და ის, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არ დასტურდება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო სრულყოფილად შეაფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიიღებს გამამართლებელ განაჩენს. ორი პირი არის გამომძიებელი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებებში და მესამე პირი გიორგი შაქარაშვილის დედაა, რომელიც არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის. მთავარი მოწმეების დაკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია არც ერთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალად შერაცხულ ქმედებას. პირიქით, მათი ჩვენებები იყო არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული, განსაკუთრებით ბოლო მოწმის, გურამ ამირხანაშვილის“, – განაცხადა ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.