გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა ტექნიკური ხარვეზის გამო ხვალისთვის გადაიდო
ტექნიკური ხარვეზის გამო, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.
სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ დაკითხვა მიმდინარეობდა, პროცესზე უნდა ეჩვენებინათ ვიდეომასალა, სადაც მოწმეს უნდა ამოეცნო კონკრეტული პირები, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო სხდომა გადაიდო და პროცესი ხვალ გაგრძელდება. ე.ხ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაიკითხა. მანამდე კი პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნ.ხ დაკითხეს, რომელიც მცხეთაში წვეულებაზე იმყოფებოდა 18 ივნისს და კიბის უჯრედში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იყო.
მოწმეების ჩვენებებზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ისაუბრეს ზოგადად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და რომელიმე ბრალდებული დასახელებული არ ყოფილა. მოწმე ნ.ხ.-მ კი ადვოკატების ცნობით, კატეგორიულად გამორიცხა ძალადობის ორგანიზება, რაც ბრალდებულებს აქვთ წარდგენილი.
საქმის პროკურორის თქმით, მოწმეები დაიკითხნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი წვეულებაზე და იდენტიფიცირება მოწმეებს არ მოუხდენიათ.
ამასთან, ადვოკატების შეფასებით, საქმის ექვსი საათის შემდეგ განხილვები და კვირაში რამდენიმე პროცესის ჩანიშვნა არასრულწლოვანების უფლებებს არღვევს და მათ არ ეძლევათ ამ რეჟიმში დაცვის სრულყოფილად განხორციელება. თუმცა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ სხდომების განრიგის შედგენა ხდება მხარეებთან შეთანხმებით და მათ შორის ადვოკატებიც დაეთანხმნენ ამ განრიგს.
ექვს არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ერთ-ერთი ბრალდებული ზ.ხ უნდობლობას უცხადებს პროცესს და არც დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.