გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი - გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი ცდილობდნენ, კონფლიქტს გარიდებოდნენ, რა დროსაც ფიზიკურ დაპირისპირებას შეესწრნენ
დაკარგული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი შაქარაშვილთან ერთად მისი მეგობარი გური ამირხანაშვილი იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლის თქმით, სწორედ მის მიერ მოყოლილი ინფორმაციის მიხედვით ჩნდება ვერსია, რომ დაპირისპირება წვეულებაზე დაიწყო და შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა.
როგორც ოჯახის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე აცხადებს, გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი ცდილობდნენ, კონფლიქტს გარიდებოდნენ, რა დროსაც ფიზიკურ დაპირისპირებას შეესწრნენ. სწორედ ამ დროს მიმალვის მიზნით 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაიქცა.
„ბევრი ადამიანი განმეორებით დაკითხვაზე შეიყვანეს, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც. სავარაუდოდ რამე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ახალ-ახალი ინფორმაციები გამოიკვეთება. ჩვენ მხოლოდ სავარაუდო ვერსიები ვიცით, რომ იქ იყო დაპირისპირება და ბევრი ადამიანი გაილახა. გიორგი იმ ბიჭებს არ იცნობდა. ჩვენი ვერსიით, დაპირისპირება მოხდა აგარაკზე, შემდეგ უკვე გადმოინაცვლა გზატკეცილზე. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაბადების დღის წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ. შემთხვევითი გამვლელი იქ არ მოხვდებოდა და ჩხუბს არ ატეხდა. სავარაუდოდ ადგილზე მყოფმა პირებმა დაუძახეს თავის მეგობრებს და თბილისიდან ჩამოვიდნენ ისინი. შეიძლება დახმარების გამო. „საქმის გარჩევა“ რომ დავარქვათ ალბათ უხეში ნათქვამია, რატომ ჩამოვიდნენ, საჩხუბრად, საცემად, თუ უბრალოდ ბავშვების წაყვანა უნდოდათ თბილისში, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ავტობანზე მოხდა დაპირისპირება. როდესაც ესენი მივიდნენ დაბადების დღეზე იქ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია, ჩხუბი იგულისხმება თუ სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენ არ ვიცით, ეს იცის გური ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილმა. გურის აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ ეკლების და ბუჩქების. ის ამბობს, რომ გაქცევის დროს დაიმალა ბუჩქებში და ნაკაწრები აქვს. გური და გიორგი რომ გამოიქცნენ, გიორგიმ ხიდის ქვეშ ჩაირბინა, როგორც ამას გური ამბობს და გური გადახტა ბუჩქებში დასამალად. აქ მათი გზები გაიყო და გურიმ აღარ იცის, სად წავიდა გიორგი. გურის ნათქვამი ემთხვევა ყველაფერს, რამდენჯერმე ვკითხეთ, მეგობრული საუბარიც გვქონდა, მისგან არ გაჟღერებულა სხვადასხვა ვერსიები. მთავარი ვერსია ის არის, რომ ჩხუბი რომ დაიწყო მაშინ გაიქცნენ ეს ბიჭები. გურიმ მოყვა, ჩვენს წინ გალახეს ვიღაცები და ამიტომ გავიქეცითო. ბავშვი ყვება, რომ ორი მანქანა ფიგურირებს“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.