შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი – მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება
მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე არანაირ მტკიცებულებას არ დაეყრდნო.
„რასაკვირველია, ვაპირებთ ამ სამარცხვინო, ბინძური გადაწყვეტილების, ყოველგვარი მტკიცებულებასა და სამართლებრიობას მოწყვეტილი, გაუგონარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ყველა ზომას მივიღებთ, ჩამოვყალიბდებით, რა შეიძლება, მოვახდინოთ ამის შემდეგ. არანაირ მტკიცებულებას არ დაეყრდნო მოსამართლე. მან მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება. რცხვენოდეს ბიძინა სტურუას, არ ვიცი, როდის უნდა ჩამოირეცხოს მან ეს ლაქა“, – განაცხადა ადვოკატმა.