შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება
შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება

მოსამართლემ მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე არანაირ მტკიცებულებას არ დაეყრდნო.

„რასაკვირველია, ვაპირებთ ამ სამარცხვინო, ბინძური გადაწყვეტილების, ყოველგვარი მტკიცებულებასა და სამართლებრიობას მოწყვეტილი, გაუგონარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ყველა ზომას მივიღებთ, ჩამოვყალიბდებით, რა შეიძლება, მოვახდინოთ ამის შემდეგ. არანაირ მტკიცებულებას არ დაეყრდნო მოსამართლე. მან მიიღო საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება. რცხვენოდეს ბიძინა სტურუას, არ ვიცი, როდის უნდა ჩამოირეცხოს მან ეს ლაქა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.