გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინდელ სხდომაზე წარმოთქვა. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს სცემეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში ჩააგდეს.
პროკურატურა კი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია უცვლელია. გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. მირიან ნიკოლაძის თქმით, ეს მოლოდინი უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.