გიორგი შაქარაშვილის ბიძა - რამდენჯერმე მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გავავრცელე გამოძიებასთან შეთანხმებით, ამით შეიძლებოდა, გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად უამრავი გარემოება ხდება ცნობილი, თუმცა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდი ყველაზე რთულად საძიებელი ნაწილია.
„ყოველდღიურად უამრავი გარემოება ტივტივდება, ამოდის ზედაპირზე, მაგრამ ამ გარემოებების ძალიან დიდი ნაწილი არ არის უშუალო და პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რაც ჩვენ გვინდა, რომ დადასტურდეს. ჩვენ ახლა გადასული ვართ ლამის 24-საათიან რეჟიმზე, რომ მოვიპოვოთ კონკრეტულად ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს. მესმის, რომ ეს საზოგადოებისთვისაც საინტერესოა, ოჯახისთვისაც ზოგადად საინტერესოა, ეს კონტაქტები, ყველაფერი დაიწყო იმ წვეულების დარბაზიდან, მაგრამ აქამდეც ვიძახდი და დღესაც ვიძახდი, შინაარსობრივი მიჯნა ძალიან დიდია. რაღაც სადღაც იწყება, მაგრამ სადღაც ჩერდება. შემდგომ გიორგის ეპიზოდი ხდება ყველაზე რთულად საძიებელი. ჩვენ ვართ ამაზე კონცენტრირებულები. გპირდებით და მაქვს ამის მოლოდინი, რომ უშუალოდ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი იქნება კიდევ უფრო მეტი ხარისხით დადასტურებული, ვიდრე დღეს არის, თუმცა დღესაც ცალსახად სახეზეა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების გარდა, ბოლოს გიორგისთან აღარავის ჰქონდა შეხება და ის, რომ გიორგის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აქვს, ეს ცალსახად მიუთითებს განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მაგრამ ახლა ამ დამატებითი ექსპერტიზით, კიდევ იმ შვიდი-რვა სახის ექსპერტიზით, რომლის პასუხებსაც ველოდებით, კიდევ ვიღაცების რაღაც ჩვენებებით იქნება, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტებით, გარწმუნებთ, რომ მივალთ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული პირების ერთგვარად ტესტირების მიზნით, რამდენჯერმე მიზანმიმართულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რაც გამოძიებასთან იყო შეთანხმებული.
„როგორც კი ვიძახი რაღაცას, როგორც მტკიცებულებას, მაშინვე იწყება ან კონტრპოზიციების გაჟღერება, ან თადარიგების დაჭერა წინასწარ. მეტსაც გეტყვით, რამდენჯერმე მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაცია გავავრცელე გამოძიებასთან შეთანხმებით. პირდაპირ გეუბნებით, გულწრფელად. მიზანი იყო ზუსტად ის, რომ როდესაც ვიცოდით ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი, იქ ასევე ვიცოდით შესაბამისი რეაგირებები, რა როგორ ხდებოდა და რის მიხედვით ხდებოდა, პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ხდება. ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლებოდა, გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და იქიდან სათანადო ინფორმაცია მიგვეღო. ამასაც კი ვაკეთებთ, ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს, თითქოს ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და ასეთი ფაქტი არ ყოფილა. ეს არ იქნება ბოლოს ასე. ძიება რომ დამთავრდება, ბევრად წინ ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ, თუმცა დღეს რაც გვაქვს, ისიც საკმარისია“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.