გიორგი შაქარაშვილის ბიძა - გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აქვს, საჭიროა გაირკვეს, რამ გამოიწვია ეს დაზიანებები
ექსპერტიზის შემდეგ თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, კვალიფიკაციის დამძიმებასთან დაკავშირებით გვექნება პოზიცია, – ამის შესახებ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აქვს და მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რის გამოა გამოწვეული ეს დაზიანებები.
„რადგანაც შსს-მ კვალიფიკაცია შეცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ რაიმე საფუძველი, რომ ახალი კვალიფიკაციით გააგრძელონ გამოძიება. მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, მთელი ეს დღეებია ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. პირიქით, ჩვენი ვერსიებით ვამარაგებთ და გამოძიებაც ყოველდღიურად ყველაფერს ამოწმებს, ამას საკუთარი თვალით ვუყურებ. რა დრო სჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხს, ეს ძიების საგანია. მე ვერ გეტყვით, უახლოეს პერიოდში მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას ვინმეს დაკავების შესახებ. როცა ადამიანმა არ იცი საქმის გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ ეს დრო მეტია და დროის გაჭიანურებასთან გვაქვს საქმე თუ არ გვაქვს, ეს ძალიან რთული სათქმელია. სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ყოველთვის დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ გამოიკვეთება ექსპერტიზის შემდგომ რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, ცხადია, ჩვენი პოზიცია გვექნება კვალიფიკაცის დამძიმებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმ ზღვარის და მიჯნის გამოვლენა, დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ. ამიტომ, აქვს თუ არა დაზიანება, ახლა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რის გამოა გამოწვეული დაზიანებები. დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა ვერ გეტყვით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მაშველები გიორგი შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.