გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ავთანდილ ბილანიშვილი საქმის მასალებში არ ფიგურირებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ავთანდილ ბილანიშვილი საგამოძიებო ორგანოში სატელევიზიო შოუების გამო დაიბარეს და საქმის მასალებში არ ფიგურირებს. აღნიშნულის შესახებ ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს მას შემდეგ ელაპარაკება, რაც ის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვეს, ბილანიშვილი არ არის.
„ამ პიროვნებას რა შეხება აქვს ამ საქმესთან, საქმის მასალებიდან არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება. გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, რომ უფრო დაბარებულია ამ სატელევიზიო შოუების შემდეგ. საქმის მასალებიდან რაიმე კავშირი არ მინახავს. ის საქმის მასალებში არ ფიგურირებს. საერთოდ არ ვიცი ბილანიშვილი ვინაა და რატომ არის დაბარებული. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ამ სატელევიზიო შოუების გამო დაიბარეს.
ამირხანაშვილი როცა პირველად ვნახეთ, ჩვენც გვითხრა ამის თაობაზე, როცა დიდუბეში ჩამოვიდა, რადგან მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, ვიღაცას სთხოვა და შემდეგ იმ ადამიანების მეშვეობით დაუკავშირდა საკუთარ ოჯახს“, – აცხადებს ნიკოლაძე.