გიორგი კვირიკაშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში არაერთი კომპანია მონაწილეობს და ბუნებრივია, კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს, რომელშიც არაერთი კომპანია მონაწილეობს და ბუნებრივია, კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი ვერ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა.
მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინ, პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას ჰქონდა ადგილი.
„ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. „ოპოზიციონერები“, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას. მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
„ევროპულმა საქართველომ“ გუშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. გივი თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.