მაია ცქიტიშვილი - 2021 წელს გაგრძელდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა და საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება
მაია ცქიტიშვილი - 2021 წელს გაგრძელდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა და საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება

2021 წელს გავაგრძელებთ რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას – ბაღდათი-აბასთუმნის, ხულო-ზარზმის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის ახალი გზები რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. თითქმის დაცლილ სოფლებში ახალი ტურისტული პოტენციალი, სამუშაო ადგილები და მუდმივი შემოსავალი ჩნდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს უმთავრეს ამოცანად რჩება რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა, როგორც მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ისე ევროკავშირში ქვეყნის სრულყოფილი ინტეგრაციისთვის.

მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2021 წელსაც გაგრძელდება საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების და განვითარების შესაძლებლობების შექმნა.

„ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის წელს დასრულდება 300 კმ-მდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშოები.ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში 200 კმ ქუჩების განახლება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა 45 ქუჩის რეაბილიტაცია და წელს დასრულდება დარჩენილი 70 ქუჩის რეაბილიტაცია“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.