მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილს ბოლო დროს თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა და გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა
მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილს ბოლო დროს თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა და გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, რისთვისაც მან შესაფერისი დრო შეარჩია.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, ცქიტიშვილი მომავალშიც გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ვინაიდან დადგა დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მიერ ახალი შემადგენლობის წარდგენა, ქალბატონმა მაიამ თავად ბრძანა, მან ეს დროში დაამთხვია, რათა სხვა დროს აუხსნელი არ ყოფილიყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში მას ამისი სურვილი ჰქონდა, ამიტომ ბარემ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა აღარ ყოფილიყო განხილული. მან თქვა, რომ გუნდის წევრი და აქტიური მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს იმ სულისკვეთებას და იდეალებს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს –  დამოკიდებულება ადამიანისა და სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მაია ცქიტიშვილის ნაცვლად ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება.