ზურაბ ალავიძე სამუშაოდ კერძო სექტორში ბრუნდება
ზურაბ ალავიძე სამუშაოდ კერძო სექტორში ბრუნდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზურაბ ალავიძე წლების განმავლობაში კერძო სექტორში მუშაობდა.

“წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად და ევალა რეგიონული პროექტები, მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავდა საჯარო სექტორში.  მე მას 20 წელია, ვიცნობ და ყოველთვის იყო კერძო სექტორში.

რამდენიმე დღის წინ, მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე ასევე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, ამგვარად უკვე ვეღარ შევძელი, ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ყველგან, სადაც ზურაბ ალავიძე მუშაობდა, იყო გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი.

„ყოველთვის იყო ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ეს დაადასტურა საკუთარი მუშაობითაც მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა, სადაც მან 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში – სივრცითი განვითარების კომპონენტში, სერიოზული პროგრესი აჩვენა.

დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის რიკოთის მონაკვეთის პროექტი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, ეს გახლავთ დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა.

წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად“, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ალავიძეს გაწეული სამუშაოსთვის.

„მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო მის შემდეგომ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.