გიორგი ხიშტოვანი - ახალი საპენსიო სისტემით პირდაპირ სარგებელს ძალიან ცოტა ადამიანი ნახავს
გიორგი ხიშტოვანი - ახალი საპენსიო სისტემით პირდაპირ სარგებელს ძალიან ცოტა ადამიანი ნახავს

ახალი საპენსიო სისტემით პირდაპირ სარგებელს ძალიან ცოტა ადამიანი ნახავს, – ამის შესახებ კვლევითი ცენტრის “პიემსის” ხელმძღვანელმა, გიორგი ხიშტოვანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა ორ მილიონამდეა, საიდანაც ერთი მილიონი თვითდასაქმებულია, რომელიც ახალ სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობს. დიდი ალბათობით, თვითდასაქმებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ სქემაში არ ჩაერთვება. პირველ რიგში, არაინფორმირებულობის გამო და მეორე, იმის გამო, რომ მათი შემოსავალი ძალიან დაბალია“, – განაცხადა ხიშტოვანმა.

როგორც კვლევითი ცენტრის “პიემსის” ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი სქემით ვერ ისარგებლებენ უმუშევრები და დაქირავებული დასაქმებულები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით, ერთი მილიონია.

„რა თქმა უნდა, სქემაში ვერ ჩაერთვებიან უმუშევრები, რადგან მათ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ აქვთ. გვრჩება დაახლოებით 750 000 დაქირავებული დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1000 ლარია, მაგრამ დაქირავებულ დასაქმებულთა ორი მესამედის ხელფასი 600 ლარი, ან უფრო ნაკლებია“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა

მისი თქმით, იმ დასაქმებულთა ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავალი 600 ლარი აქვთ, უმნიშვნელოდ, დაახლოებით, 6%–ით გაიზრდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ახალ სქემაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, გიორგი ხიშტოვანმა თქვა, რომ ამისთვის კვლევების ჩატარება და სხვადასხვა სქემებზე ფიქრია საჭირო.

„მთავრობამ ახალი სქემა უალტერნატივოდ შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, არ არსებობს ღია დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული სქემა წარმატებულია. არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ახალმა სქემამ შესაძლოა, მთავრობის მიმართ ნდობა შეარყიოს, რადგან ესაა დიდი წამოწყება, რომლის გათვლები გაკეთებული არ არის, ან არის, მაგრამ არ საჯაროვდება, რაც უარესია“, – განაცხადა ხიშტოვანმა.

გიორგი ხიშტოვანმა ასევე თქვა, რომ დაგროვებითი ახალი სქემის შედეგად ბიზნესის კეთება რთულდება, რადგან განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან ბევრი დამატებითი ადმინისტრაციული აქტივობის განხორციელება უწევს.