გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის საკითხი უკრაინის კონტექსტში მეორეხარისხოვანია
გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, ნეიტრალიტეტის საკითხი უკრაინის კონტექსტში მეორეხარისხოვანია

სავარაუდოდ, უკრაინის ომი გარკვეული სახის შეთანხმებით და ზავით დასრულდება, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„სხვადასხვა შეფასებებით უკრაინაში ომი ერთიდან ოთხ თვემდე გაიწელება. ამ პერიოდში სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება და გამორიცხული არ არის, ძალიან გაიზარდოს. სავარაუდოდ, ომი გარკვეული სახის შეთანხმებით და ზავით დასრულდება, ვინაიდან უკვე ჩანს, რომ რუსეთი ვერ მოახერხებს უკრაინის მთელი ტერიტორიის კონტროლს. ისევე, როგორც უკრაინა ვერ მოახერხებს რუსეთის გაძევებას თავისი საზღვრებიდან. საბოლოო ჯამში, ომი არის ნებელობის, თუ გნებავთ ნებისყოფის შეჯახება ორივე მხრიდან და ეს ნებისყოფა უნდა გადატყდეს ერთ, ან მეორე მხარეს, ან უნდა დამყარდეს ისეთი ასე ვთქვათ, ყაიმი, რომლის დროსაც ომის გაგრძელება არც ერთ მხარეს არ უღირს და აღარ შეუძლია. ეს ზღვარი დროსა და სივრცეში სად გაივლის, ჯერჯერობით, ვერავინ გვეტყვის“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტზე, თუ უსაფრთხოების სხვა ტიპის გარანტიებზე საუბარი მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ უკრაინისთვის ნატო-ში ინტეგრაციამ აქტუალობა დაკარგა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე დისკუსია ახალი დაწყებულია და ძირითადად, თავად უკრაინელები გამოთქვამენ ნატო-ს მიმართ უკმაყოფილებას, ვინაიდან ის დახმარება ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ.

„თუმცა, ამის ილუზია რეალურად, არც ერთ სერიოზულ მიმომხილველს, ანალიტიკოსს, თუ პოლიტიკოსს არ ჰქონია, რომ ნატო უკრაინის გულისთვის რუსეთს შეეჭიდებოდა. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, საბოლოოდ, ის უკრაინისთვის არაფრის მომცემი არ არის, ვინაიდან 2014 წელს უკრაინას ნეიტრალიტეტი ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამას რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია, ყირიმი და აღმოსავლეთის პროვინციები მიეტაცებინა. ასე რომ, ნეიტრალიტეტის საკითხი ვფიქრობ, მეორეხარისხოვანია უკრაინის კონტექსტში“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის უფრო დიდი პრობლემა არის რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა, რასაც პუტინი დაჟინებით მოითხოვს.

„საუბარია არა მარტო ყირიმზე და დონბასზე, ვფიქრობ, უკვე საუბარია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შავი ზღვის ზოლის გარეშე დარჩება. თუ ამაზეა საუბარი, მაშინ ბუნებრივია, ამაზე დათანხმება უკრაინის ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. შესაბამისად, ნეიტრალიტეტის საკითხი უკვე აღარ არის გადამწყვეტი, ისევე, როგორც დემილიტარიზაციის საკითხი“, – განაცხადა ხელაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ პუტინისთვის მთავარია გავლენის სფეროს მოჭრა დანარჩენი სამყაროდან.

„ეს ძირითადად, მოიცავს პოსტსაბჭოთა სივრცეს. თუ აქედან გამოვალთ, გასაგებია, რატომ ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას ასე დაჟინებით. თუ ეს არის მისი ამოსავალი წერტილი, მაშინ ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობის დიდი საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რა არის ჩვენი რეგიონი დასავლეთისთვის? დასავლეთი არ აღიარებს გავლენის სფეროებს. მაშინ, როცა პუტინი ამ საკითხს ჯერ კიდევ მე-19, მე-20 საუკუნეების მსოფლმხედველობით უყურებს და ამ ორი მსოფლმხედველობის ერთმანეთთან შეგუება სრულიად წარმოუდგენელია. ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ. თუ დასავლეთმა ბუფერულ სახელმწიფოებზე, გავლენის სფეროებზე და მსგავს საკითხებზე ლაპარაკი დაიწყო, ეს არ იქნება რუსეთისთვის უბრალოდ დათმობა. ეს იქნება დასავლეთის, როგორც ფილოსოფიურ-ისტორიული პროექტის მარცხი, რადგან დასავლეთი დღეს მისულია იმ იდეურ ზღვრამდე, როდესაც საუბარია გლობალურ პრობლემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კლიმატის ცვლილებები და მსგავსი საკითხები“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დასავლეთს ნაკლები მოტივაცია აქვს, რუსეთს დაუთმოს, მაგრამ სწორედ აქ არის მსოფლიო ომის საფრთხე, რომელიც დღეს შეიძლება, კიდევ არ ჩანდეს რეალური, მაგრამ თუ ესკალაცია გაგრძელდა, დასავლეთი შეიძლება, ამ ომში ჩათრეული აღმოჩნდეს.

„ესკალაციის ლოგიკა ზუსტად ის არის, რომ მისი კონტროლი არის ძალიან, ძალიან ძნელი, თუ შეუძლებელი არა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო, თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკით, მეზობლებთან ურთიერთობით და დიპლომატიით ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანას მაქსიმალურად აარიდოს ომი და ამასთან, სუვერენიტეტის, ან ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა.