გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, გამოსჭვივის იმედგაცრუება, რომ საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა და ევროპარლამენტარებს ამის გამოსწორება სურთ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს კანდიდატის სტატუსის უფრო მალე მიღებისთვის
გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, გამოსჭვივის იმედგაცრუება, რომ საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა და ევროპარლამენტარებს ამის გამოსწორება სურთ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს კანდიდატის სტატუსის უფრო მალე მიღებისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში დიდია დაინტერესება არა მარტო ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებით, არამედ ზოგადად პოლიტიკური პროცესით.

მისივე თქმით, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ რაც მეტად დაელაპარაკებიან პარტიები ერთმანეთს, ჩართული იქნებიან სამუშაო პროცესში, მით მეტი შანსი ექნება საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„დაინტერესება დიდია, არა მარტო ამ 12 პუნქტის შესრულებით, არამედ ზოგადად პოლიტიკური პროცესით, ასევე რეგიონული პოლიტიკით. განწყობა არის ძალიან პრაგმატული. ვფიქრობ, გამოსჭვივის გარკვეულწილად იმედგაცრუება იმით, რომ საქართველო რაღაცნაირად დაჩაგრული აღმოჩნდა ამ პროცესში თავის დროზე და ახლა ძალიან სურთ, რომ ეს გამოსწორდეს, და ძალიან კარგია, ჩვენც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უფრო მალე შევძლებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები ამას მოწმობდა. თუმცა, ეს სამუშაო პროცესია და შევხედოთ, როგორ იქნება. ყველას აინტერესებს პუნქტობრივად და ასევე, ზოგადად ვითარება. ვინაიდან თვითონ ამ პუნქტებში არ არის დიდი კონკრეტიკა, ძნელია, ვისაუბროთ იმაზე, რა არის პროგრესის მიმდინაროება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აღქმებს და შთაბეჭდილებებს, რაზეც ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე ლაპარაკი, ვფიქრობ, რაღაც პოზიტიური დინამიკა არის. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად დაელაპარაკებიან პარტიები ერთმანეთს, ჩართული იქნებიან სამუშაო პროცესში, მით მეტი შანსი ექნება საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადახვევა, ნებისმიერი ამოვარდნა ამ სამუშაო პროცესიდან, ნებისმიერი საბოტაჟი და ბოიკოტი დღეს პრაქტიკულად არის პირდაპირი ხელის შეშლა კანდიდატის სტატუსის, ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, ეს არის შთაბეჭდილება აქ, ევროპარლამენტში. როგორც სახარებაშია, მეთერთმეტე საათზე შემომატებული მუშაკებიც კი ამ პროცესში მიღებული იქნებიან, მთავარია, ჩვენ შედეგი დავდოთ, დანარჩენი, თავიდანვე ჩაერთნენ, თუ შემდეგ, ეს უკვე პროცედურის ნაწილია, მთავარია, მივაღწიოთ შედეგს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა სტრასბურგში, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.