გიორგი ხელაშვილი - საქართველომ ერთი ხმით უნდა მიმართოს დასავლეთს, რომ მზად ვართ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, ოპოზიციის რიტორიკა კი მიმართულია, საქართველო რაც შეიძლება უუნარო გამოჩნდეს
გიორგი ხელაშვილი - საქართველომ ერთი ხმით უნდა მიმართოს დასავლეთს, რომ მზად ვართ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, ოპოზიციის რიტორიკა კი მიმართულია, საქართველო რაც შეიძლება უუნარო გამოჩნდეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის დღევანდელმა გამოსვლებმა დატოვა მძიმე შთაბეჭდილება – რეალობისგან გათიშული, არაკომპეტენტური, აგრესიული.

ხელაშვილის თქმით, ოპოზიციისგან ვერ მოისმინეს ვერაფერი, რაც ქვეყანას დაეხმარებოდა და გამოსვლების უმრავლესობა საერთოდ აცდენილი იყო ევროინტეგრაციის საკითხზე დებატების შინაარსს.

„ცხადია, ოპოზიციას აერთიანებს მხოლოდ ერთი რამ – მთავრობის მიმართ სიძულვილი. სიძულვილი ყველანაირად ვნებს საქმეს. ცხადია, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ახლის შექმნა, მაგრამ დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ოპოზიციას არც თავშეკავება შეუძლია, რომ ქვეყანა არ დააზიანოს. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა, მაგრამ ერთია კრიტიკა და მეორეა მავნებლობა. დღევანდელი ოპოზიციის მთავარი მავნებლობაა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის სიძულვილით სავსეები ისე გადახვედით ქვეყნის დაზიანებაზე, ზღვარი ვერც შენიშნეთ, ახლაც მთელი მონდომებით აგრძელებთ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლას. თქვენი რადიკალური და მტრული რიტორიკის პარალელურად, ყველასთვის ცხადია, რომ უკვე აღარც ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენი ამოცანა მხოლოდ არსებულის დაზიანებაა. ერთი მხრივ, კარგია, რომ რეალობას თვალი გაუსწორეთ. მეორეს მხრივ, თქვენი მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შეწყვეტა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლის უარყოფა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ხელაშვილის თქმით, დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და მიმართოს დასავლეთს, რომ საქართველო მზად არის, იყოს ევროპული ქვეყანა, ამის სანაცვლოდ, ოპოზიციის რიტორიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გამოჩნდეს რაც შეიძლება უუნარო.

„ჯერ იყო და საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი პანდემიის პირობებში, საბოტაჟის გზით, ფაქტობრივად, აჯანყება წამოიწყეთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და სცადეთ, ისედაც მძიმე ვითარება უფრო დაგემძიმებინათ. მერე იყო და ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არნახული რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე სცადეთ, საკუთარი ქვეყანა აგრესორის ლუკმად გექციათ, ცეცხლი, ნგრევა და განადგურება საქართველოში გადმოგეტანათ. ხალხმა საკადრისი პასუხი გაგცათ, როგორც არჩევნებში, ისე ქუჩაშიც. დღეს მოდის ისტორიული მომენტი, რომ საქართველო აღიარონ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად. 2020 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ ისტორიული ამოცანის დასახვით გაიმარჯვა, რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა. ისტორიულმა მოვლენებმა ეს პროცესი ორი წლით დააჩქარა. ჩვენი ხელისუფლების მიერ კარგად გააზრებული, მომზადებული და თანმიმდევრულად დაგეგმილი ნაბიჯები, დოკუმენტები, არგუმენტები და დიპლომატიური სვლები ამ ურთულეს დროში სწორად გათვლილი აღმოჩნდა. ის, რაც ორიოდე წლის წინ უტოპიად ითვლებოდა, თითქოს ხელის გაწვდენაზეა. 2009-2012 წლებში, როდესაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული პროგრამა დაიწყო, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ჩასვეს იგივე ჯგუფში, სადაც იყვნენ იანუკოვიჩის უკრაინა, ვორონინის მოლდოვა, სარქისიანის სომხეთი და სხვები. დღეს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის უპირობო ლიდერია. დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთი ხმით მიმართოს დასავლეთს – ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა. და რას ვხედავთ ამის სანაცვლოდ? ოპოზიციის რიტორიკა, მათი ტელევიზიების საინფორმაციო ბადე, უცხოეთში გახშირებული ვიზიტების ტექსტები, ყველა ჟესტი და მიმიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გამოჩნდეს რაც შეიძლება გათიშული, ჩამორჩენილი, დაბოღმილი, უუნარო და წაგებული. დღევანდელი გამოსვლების უმრავლესობამ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენა. მაშინ როდესაც პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი, პრემიერი და მინისტრები ყველაფერს აკეთებენ, დასავლეთს უჩვენონ საქართველოს საუკეთესო მხარე, ოპოზიციიდან მხოლოდ ბოღმა, შუღლი და დაპირისპირება მოედინება – ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც. ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირთან ან ნატო-სთან ახალ მიჯნაზე ვდგებოდით, ოპოზიცია ან წყევლით გვაცილებდა, ან საბოტაჟით, მაგრამ მისაღწევს მაინც ვაღწევდით. იმედი მაქვს, ხელისუფლება და საქართველო ამჯერადაც გაიმარჯვებს. თქვენ კი, დღეს დაკარგეთ კიდევ ერთი შანსი, რომ დაგვიანებით მაინც ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.