გიორგი ხაბურძანია - ეჭვი გვაქვს, თბილისის გენგეგმის მიღება იმიტომ იწელება, რომ ვიღაცებს თავიანთი ინტერესები აქვთ
გიორგი ხაბურძანია - ეჭვი გვაქვს, თბილისის გენგეგმის მიღება იმიტომ იწელება, რომ ვიღაცებს თავიანთი ინტერესები აქვთ

ეჭვი გვაქვს, თბილისის გენგეგმის მიღება იმიტომ იწელება, რომ ვიღაცებს თავიანთი ინტერესები აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ხაბურძანიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქ არის ისეთი რუკების შექმნა, სადაც შესაძლოა, ფენები K1 K2 K3 ვიღაცის საკუთრებას ფარავს. სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ეზღუდებათ, რადგან თუ რაღაც ტერიტორიები ლანდშაფტურ–სარეკრეაციო გახდა, იქ მაღალსართულიან კორპუსებს ვერ ააშენებ და ა.შ. რეალურად, პრობლემა ეს არის“, – განაცხადა გიოეგი ხაბურძანიამ.

მისი თქმით, თბილისი მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ტონი, რითაც ის კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ესაუბრებოდა, იმას არ ნიშნავდა, რომ ამ კომპანიასთან მას ურთიერთობის გაგრძელება სურს.

„პატარა ბავშვებს რომ ტუქსავენ, კომპანიის მიმართ მას სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა“, – განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.

გადაცემის წამყვანის მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა პირადად მას წაკითხული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც 1 200–გვედიანი დოკუმენტია, გიორგი ხაბურძანიამ აღნიშნა, რომ 1 200–გვედიანი დოკუმენტი იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჰქონდეს წაკითხული, რადგან გეგმაში რუკებიც არის და ტექსტუალური ნაწილიც.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მიღებული გენგეგმა, რომელზეც თბილისის მერიას ბევრი შენიშვნა აქვს, თუ „სითი ინსტიტუტს“ გარკვეული დრო კიდევ უნდა მიეცეს, რათა შენიშვნები აღმოფხვრას, გიორგი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, გენგეგმას ბევრი ხარვეზი ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უარი უნდა ვთქვათ.

„დღეს მერიის შენიშვნები მოვისმინეთ, მაგრამ მეორე მხარის, კომპანიის წარმომადგენლებისთვის არ მოგვისმენია, რადგან „სითი ინსტიტუტს“ თავისი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება არ მიეცა. კომპანიამ მერიას შესთავაზა, იგივე ფორმატში მათი პრეზენტაცია მომხდარიყო და ამ თემის განხილვა პროფესიულ წრეებში, მერიის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს. სამაგიეროდ, დღეს დებოში მოგვიწყვეს, გვაგინეს და ლამის გვირტყამდნენ“, – განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.