გიორგი კანდელაკი - ზაქარია ქუცნაშვილს თავხედობა ჰყოფნის, გავრილოვს იცავს და ამბობს, კარგი კაციაო
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ასამბლეაზე ქართულმა ოპოზიციამ ის გააკეთა, რასაც ღირსების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააკეთებდა.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კანდელაკი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი დეპუტატი საზოგადოების შეურაცხყოფას აგრძელებს.
„27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა, როცა იქ რუსებმა სასაკლაო მოაწყვეს. როცა რუსებმა სოხუმში სისხლის მდინარეები დააყენეს, გავრილოვი იქ იყო, რომელიც არ უარყოფს, რომ ომის დროს აფხაზეთში იყო და ამბობს, რომ ქრისტიანებს ვეხმარებოდიო. გავრილოვი ოფიცერია, კოსოვოშიც იყო და ლამის ერაყის ომების დროს ჰუსეინის ოფისშიც იყო. ქუცნაშვილს თავხედობა ჰყოფნის, გავრილოვს იცავს და ამბობს, კარგი კაციაო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა ძნელად წარმომიდგენია. ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც ღირსების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააკეთებდა.
ეს სხდომა ისე უნდა ჩაშლილიყო, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პლატფორმის ჩატარება აღარ მოუნდეთ. გავრილოვი ამბობს, ქრისტიანებს ვეხმარებოდიო, მაგრამ 1993 წლის ივლისში, როცა რუსებმა სოფელი კამანი აიღეს, იქ მცხოვრები ყველა ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის მღვდელი ანუ მოკლეს და ჭაში ჩააგდეს. გავრილოვის მხრიდან ქრისტიანების დახმარება არ გამიგია. როცა შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს და სინდისზე ხელი გაქვს აღებული, ალბათ საზღვრები აღარ არსებობს, ამას ვიტყოდი ქუცნაშვილზე“, – განაცხადა კანდელაკმა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განუცხადა, რომ ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ითმინა და დუმილი დაარღვია. „კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.