შალვა პაპუაშვილი - გიორგი კანდელაკი თავს წარმოაჩენს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად, ამავე დროს, არის „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა აბსურდშია გადასული არასამთავრობო სექტორი
შალვა პაპუაშვილი - გიორგი კანდელაკი თავს წარმოაჩენს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად, ამავე დროს, არის „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა აბსურდშია გადასული არასამთავრობო სექტორი

სამებაში მომხდარი ინციდენტი, რაც ამ შობას ვნახეთ, არ იყო ერთეული ინციდენტი და რაღაც შემთხვევითი მოვლენა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას.

„უპირველეს ყოვლისა, აქ თავად პერსონაჟებია მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბატონი კანდელაკი, რომელმაც თავდაპირველად სამების საკათედრო ტაძრის ვიდეო დადო. შემდეგ მოვისმინეთ, რომ ის ხატი იქ უკვე რამდენიმე თვე თუ წელია, არის. მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს ამბავი ბატონი კანდელაკისთვის ცნობილი იყო უკვე დიდი ხნით ადრე და ის ამას ინახავდა სპეციალურად შობის დღისთვის. იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი ზაინი მიეყენებინა ქართული ეკლესიისთვის. ბატონი კანდელაკი, ზოგადად, გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებებით. არ ვიცი, ასეთი რა ცხოვრება უნდა განვლო ადამიანმა, ასეთი მანტიის მოსხმის სურვილი გქონდეს, რომ იყო საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ქვეყნის ეკლესიის მტერი. ვფიქრობ, ეს მან შემოინახა სპეციალურად ამ დღისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი ემოცია ყოფილიყო და ცდილობდა, ეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, როგორც სტალინის ხატი. სხვათა შორის, ის დღემდე იყენებს ამ ტერმინს – სტალინის ხატი. რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ ეს არანაირი სტალინის ხატი არ იყო, მაგრამ ამას სპეციალურად აკეთებს. მიზანი არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი კანდელაკი თავს წარმოაჩენს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის მხრივ გამოირჩევა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით.

„ამავე დროს, ის არის „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა აბსურდშია გადასული არასამთავრობო სექტორი, როდესაც პოლიტიკოსებს წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორად, რომელსაც შემდეგ აფინანსებს უცხოელი დონორი და აქ უკვე ძალიან მკაფიოდ იკვეთება უცხოელი დონორების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, თავის მხრივ, პარტია „ევროპული საქართველო“ გამოირჩევა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით და იმ ეპითეტებით, რომელსაც ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით იყენებენ.

მისივე თქმით, სამებაში მომხდარი ინციდენტის პარალელურად, ვითარდებოდა ხაზი შობის დღესთან, თარიღთან დაკავშირებით და აქ „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია აბსოლუტურად ანტიევროპულ მინდორზე შევიდა.

„მათ, ფაქტობრივად, დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს არის რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. ამას სერიოზულად უნდა შეხედოს საზოგადოებამ. ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ მე სახალხო დამცველსაც, მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ეს ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ისტერიამ, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.