გიორგი კანდელაკი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი ფრიდონ ინჯია ან ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ
გიორგი კანდელაკი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი ფრიდონ ინჯია ან ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი ფრიდონ ინჯია ან ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში რეალურ ოპოზიციას ეს ადამიანები ვერ ჩაანაცვლებენ.

„როგორი ცვლილებაც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ცესკო-სვე მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, უბნების 53 პროცენტზე იყო ბიულეტენების მეტობა, ჩაყრის მტკიცებულება ან ნაკლებობა, „კარუსელის“ მტკიცებულება. ეს არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც სადაო არ არის, რადგან თავად ცესკო-ს მონაცემებს ეყრდნობა. წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი. ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ფრიდონ ინჯია, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ახლა ოფიციალურად „ქართული ოცნების“ ნაწილია, ან ბატონი ელისაშვილი, რომელიც ასევე შეერწყა „ქართულ ოცნებას“, წარმოადგენენ ოპოზიციას. ოპოზიციის იმიტაცია პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს რეალურად ოპოზიციას“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება მანდატების გაუქმების საკითხს, კანდელაკის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადებების წარდგენით თავიანთი ნება მკაფიოდ გამოხატეს, პარლამენტმა კი ეს უნდა დააკმაყოფილოს.

„მანდატების გაუქმება უკვე გაჭინაურდა. განცხადებების წარმდგენების ნება მანდატების გაუქმებაზე ცალსახაა და მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს და ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც არჩეულია მანიპულირებული არჩევნების შედეგად, დაესვას ბეჭედი, რომ ეს მართლაც არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი. „ქართული ოცნება“ კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრეა და ამის შემდეგ პროცესი კი არ დამთავრდება, არამედ მეტი წნეხი გაჩნდება „ქართულ ოცნებაზე“, რადგან ის არის პასუხისმგებელი ამ რეალობამდე რომ მივედით“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დატოვე კომენტარი