გიორგი კანდელაკი - ჩვენი ინფორმაციით, პოზნერს და დელეგაციას მინიჭებული ჰქონდათ საშვები საქართველოს შსს-ის მიერ, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე
გიორგი კანდელაკი - ჩვენი ინფორმაციით, პოზნერს და დელეგაციას მინიჭებული ჰქონდათ საშვები საქართველოს შსს-ის მიერ, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი, საქართველოში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოზნერსა და მთელ მის დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ, ხოლო ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე იყო მიღებული, მათ შორის ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ პოზნერის საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, მისი შემოშვება კი პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებასთან.

„მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!

პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ.

პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“,- განაცხადა კანდელაკმა.