გიორგი კანდელაკი - 7 ნოემბრის მოვლენებზე მაშინდელმა პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მთელ გუნდთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა.
კანდელაკის თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი გიორგი გახარია პირიქით დააწინაურეს.
კანდელაკმა ამ კომენტარით უპასუხა კითხვას, 7-მა ნოემბერმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რა გავლენა მოახდინა და „იმედში“ შეჭრა იყო თუ არა შეცდომა. “რა თქმა უნდა და მაშინ პრეზიდენტი გადადგა. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო და პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა მთელ გუნდთან ერთად აიღო, გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 20 ივნისს კი გახარიამ ახალგაზრდებს თვალები დათხარა და ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ეს იქნება ჩემი პასუხი“ ,- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
ამასთან, კანდელაკმა კითხვაზე, იღებს თუ არა თავად პასუხისმგებლობას 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე, უპასუხა, რომ „თქვა ის, რისი თქმაც სურდა“.