გიორგი კალანდარიშვილი - დიასპორის არჩევნებში მონაწილეობაზე მანიპულაციური განცხადებები ვიხილეთ, პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანი იყო, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით
გიორგი კალანდარიშვილი - დიასპორის არჩევნებში მონაწილეობაზე მანიპულაციური განცხადებები ვიხილეთ, პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანი იყო, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მანიპულაციური განცხადებები ვიხილეთ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა, თუ რა გამოცდილება არსებობს რეალურად საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენი ინსტიტუცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს კანონის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას ყველა მნიშვნელოვანი პროცედურისა და წესის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათ არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, უზრუნველყოფს როგორც ინფორმირებას, ასევე სათანადო პროცედურების განხორციელებას. მთავარია, ყველა ჩართულმა მხარემ უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საკანონმდებლო ჩანაწერების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ არჩევნებში ჩართულობას, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნას. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნეს არიდებული არასწორი მოლოდინი და აღქმები, რომელმაც შეიძლება, ჩვენი თანამემამულეების გულისწყვეტა გამოიწვიოს.

ბოლო პერიოდში ვიხილეთ განცხადებები და შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და ამ საკითხთან მიმართებით, გარკვეულწილად, არასწორი აღქმების შექმნას. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, რეალურად, რა გამოცდილება არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით.

ორგანული კანონი მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობას არ განსაზღვრავს იმის წინაპირობად, რომ საარჩევნო უბანი შეიქმნას, ამისთვის ასევე აუცილებელია საკონსულო რეგისტრაცია. რეგისტრაცია თუ არსებობს იმ რაოდენობის ფარგლებში, რასაც კანონი განსაზღვრავს –  არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 პირისა – ხდება რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ცესკო-სთვის მოწოდება და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ლოკაციაზე შეიქმნება საარჩევნო უბანი. საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესაბამისი რაოდენობის შესახებ შესაბამისი უწყება თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, ეს იქნება საფუძველი, რომ შეიქმნას საარჩევნო უბანი.

დღევანდელ დღემდე, ცესკო-ში ჩემი 16-წლიანი საქმიანობის პერიოდში არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ცესკო-ს ამ ინფორმაციის საფუძველზე რაიმე ნიშნით უარი ეთქვას უბნის შექმნაზე. გთხოვთ, გავმიჯნოთ საკონსულო აღრიცხვის მქონე პირები და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ კონკრეტულ ლოკაციაზე საკონსულო აღრიცხვის გარეშე. ყველაფერს აქვს თავისი ვადები და პროცედურები. მას შემდეგ, რაც დაინიშნება არჩევნები, ხორციელდება აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საორიენტაციო უბნების რაოდენობის იდენტიფიცირება და შემდეგ, დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე, ცესკო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების შექმნას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.