გიორგი კალანდარიშვილი - განსაზღვრულია სია, სად შეიძლება განთავდეს საარჩევნო უბნები და სად არა, კანონის მიხედვით, რელიგიურ ორგანიზაციებში საარჩევნო უბნის განთავსება არ შეიძლება
გიორგი კალანდარიშვილი - განსაზღვრულია სია, სად შეიძლება განთავდეს საარჩევნო უბნები და სად არა, კანონის მიხედვით, რელიგიურ ორგანიზაციებში საარჩევნო უბნის განთავსება არ შეიძლება

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განაცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას თავისი პროცედურები და საფუძვლები აქვს.

როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭიროა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე იყოს, სულ მცირე, 50 ადამიანი. მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სადაც იქნება, საარჩევნო უბნები ყველგან გაიხსნება.

„კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურებს. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 მოქალაქე არის საფუძველი იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სათანადო უბნები შექმნას. სადაც იქნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი უწყებიდან მოგვეწოდება ინფორმაცია ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ინსტიტუცია ყველაფერს გააკეთებს. თუ გინდათ, პირობად მიიღეთ – სადაც იქნება საფუძველი, ყველგან შეიქმნება საარჩევნო უბნები შესაბამისი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის მზად ცესკო, რომ საარჩევნო უბნების გასახსნელად მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები გამოიყენოს, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა: „ჩვენ არანაირი ტერიტორია არ გვაქვს საკუთრებაში, არც ქვეყნის შიგნით და არც უცხოეთში. ამ პროცესში ბევრი უწყება მონაწილეობს. კანონმდებლობა მიუთითებს, რომ იმავე რელიგიურ ორგანიზაციებში საარჩევნო უბნის განთავსება არ შეიძლება. განსაზღვრულია სია, სად შეიძლება განთავდეს და სად – არა. უცხოეთში უბნების გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ზომები მიღებული იქნება დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციით“.