გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მოითხოვს მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის აცილებას და ამასთან აღნიშნავს, რომ მოითხოვს აღკვეთი ღონისძიებების შეცვლასა და მტკიცებულებების დაუშვებლობას.
ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით და 236–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.