გიორგი ბაბუნაშვილი - მეტრო "ვარკეთილში" ყველაფერი იმდენად არაპროფესიონალურად იყო დაგეგმილი, რომ მომხდარი ნამდვილად არ გამკვირვებია
შეკიდული ჭერის აუცილებლობა ვარკეთილის სადგურზე არ არსებობდა, – ამის შესახებ „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, შეკიდულ ჭერს არანაირი ფუნქციური დატვირთვა არ ჰქონდა, ექსპერტიზა კი ზერელედ და არაპროფესიონალურად ჩატარდა.
ექსპერტის შეფასებით, მიმდინარე და ყველა რემონტი, რომელიც 2006 წლიდან დღემდე მეტროპოლიტენში ჩატარდა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს.
“რა ხარისხით მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია, ეს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ უნდა გადაწყვიტოს. ზოგადად მეტროში არის საკმაოდ რთული ვითარება, 2017 წელს ფრანგულმა კომპანიამ “სისტრამ” მერიის დაკვეთით განახორციელა მეტროს ინვენტარიზაციის კვლევა, რომლის შედეგადაც, რეკომენდაციის სახით გასცა ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურის განახლების რჩევა: ვენტილაცია, გვირაბები, მოძრავი შემადგენლობა, ელექტრო აღჭურვილობა და ა.შ. მეტრო 1966 წლიდან კომპლექსურად არ განახლებულა, ხდებოდა მხოლოდ მიმდინარე რემონტი და აუცილებელია გაიწეროს ეტაპობრივი პროგრამა, როდესაც მოხდება მეტროს ინფრასტრუქტურის კაპიტალური მოდერნიზაცია”, – აცხადებს ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.
ორგანიზაცია „ურბანული ლაბორატორია” ექვსი თვის წინ აძლევდა სატრანსპორტო კომპანიას რეკომენდაციას, რომ შეკიდული ჭერი არსებული ფორმით ვარკეთილში არ გაკეთებულიყო.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან არ გამკვირვებია, რაც მოხდა, კიდევ კარგად დამთავრდა, რომ ამას მსხვერპლი არ მოყვა. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო იმდენად არაპროფესიონალურად დაგეგმილი, რომ მომხდარის შედეგი ნამდვილად არ იყო ჩემთვის სიურპრიზი”, – ამბობს ურბანული ლაბორატორიის დირექტორი.
შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. დილიდან მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.