გიორგი ბაბუნაშვილი - მეტროსადგური ვიღაცის პირადი აბაზანა არ არის, რომ იქ შეკიდული ჭერი ისე გააკეთო, როგორც შენ გინდა
გიორგი ბაბუნაშვილი - მეტროსადგური ვიღაცის პირადი აბაზანა არ არის, რომ იქ შეკიდული ჭერი ისე გააკეთო, როგორც შენ გინდა

მეტროსადგური ვიღაცის პირადი აბაზანა არ არის, რომ იქ შეკიდული ჭერი ისე გააკეთო, როგორც შენ გინდა. მისი რეაბილიტაცია ისე არ უნდა დააგეგმარო, რომ ოთხ თვეში ჭერი ჩამოვარდეს, – ამის შესახებ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მსოფლიო პრაქტიკაში ასეა, რომ ე.წ. ქოლგის დაზიანების შემთხვევაში, აუცილებელია, მისი შეცვლა და რემონტი მოხდეს და არა მისი დეკორატიული მასალით დაფარვა. მეტროპოლიტენი არა მხოლოდ სატრანსპორტო სისტემა, არამედ თავდაცვითი ნაგებობაა და გაცილებით სერიოზულ დატვირთვებზეა გათვლილი. თავის დროზე, ის, მათ შორის, მეტრო „ვარკეთილიც“ მცირე სიმძლავრის პირდაპირ ბირთვულ დარტყმას უძლებდა“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გადაცემაში სტუმრად მყოფ, კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ქოლგა შესაძლოა, შესაცვლელი იყო, მაგრამ საქართველოს დღეს ამის ფუფუნება არ აქვს.

„ქოლგის შეცვლა კოლოსალურ თანხებთან არ არის დაკავშირებული და როცა საქმე ისეთ ობიექტს ეხება, როგორიც მეტროსადგურია, დამატებით ასი ათასების უქონლობაზე და პრობლემების დამალვაზე საუბარი არასწორია. ამჟამად, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რემონტი მიმდინარეობს, რომელზეც ქოლგა იხსნება და თავიდან კეთდება. ეს პროექტი, თუ ზუსტად მახსოვს, 1 200 000 ლარი ჯდება“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

როგორც ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თბილისის ყველა მეტროსადგური წყალუხვ ქანებშია და იქ 24 საათში 25 000 ტონა გრუნტის წყალი გროვდება.

„წყალმა მზიდი კონსტრუქციები რომ არ დააზიანოს და გაანადგუროს, მისთვის სპეციალური მიმართულებების მიცემა ხდება. ერთ-ერთი მიმართულება სადგურის თაღშია, სადაც წყალი სპეციალურ სადრენაჟო წერტილებში ჩამოედინება. თაღსა და სადგურს შორის აზბესტო–ცემენტის ე.წ. ქოლგაა, რომლის ფუნქცია წვეთების გადანაწილება და შემდეგ უკვე, წყალსაქაჩი სისტემის საშუალებით მისი სანიაღვრე ქსელში გაშვებაა“, – განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.