გიორგი ბაბუნაშვილი - თუ მეტროსადგურში ქოლგა გამოსაცვლელი იყო, სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი სამსახურისთვის უნდა მიემართა, რათა შემდეგი წლის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილიყო
გიორგი ბაბუნაშვილი - თუ მეტროსადგურში ქოლგა გამოსაცვლელი იყო, სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი სამსახურისთვის უნდა მიემართა, რათა შემდეგი წლის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილიყო

თავს უფლებას ვაძლევ, ჩემი თვალით დანახული მოვლენათა ჯაჭვიდან ის რგოლი გამოვყო, რომელსაც შეეძლო, მომხდარი თავიდან აერიდებინა და ვერ, თუ არ აირიდა, – განაცხადა ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„არ ვამბობ, რომ „ყვარელმშენი“ დამნაშავე აბსოლუტურად არ არის და ა.შ, მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია იყო, რომლის ტექნიკური ჯგუფი ჩარჩო კონცეფციას განსაზღვრავს, ქოლგა გამოიცვალოს, თუ იქ რაღაც დეკორატიული მასალა გაკეთდეს, რომელიც ამას დაფარავს. საკითხის დასმა, გამოსაცვლელია თუ არა ქოლგა, მათი კომპეტენციაა. ეს უსაფრთხოების საკითხია და არა ვიზუალობის, ესა თუ ის რაღაც ვერცხლისფრად შეიღებოს, თუ – წითლად. აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხები უნდა იყოს“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისი თქმით, თუ ქოლგა გამოსაცვლელი იყო, სატრანსპორტო კომპანიას შეეძლო, მერიისთვის, საკრებულოსთვის და ფინანსთა სამინისტროსთვის მიემართა, შემდეგი წლის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილიყო.

„მეორე საკითხია, ფინანსურად რესურსის აკუმულირება–მობილიზება რამდენად მოხდება და ამაში სატრანსპორტო კომპანიას ვერ დავადანაშაულებთ. ეს ცალკე საკითხია“, – განცხადა ბაბუნაშვილმა.

როგორც ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2007 წელს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ცეცხლსაშიში, აალებადი პლასტიკატის მასალით შეიცვალა სტაბილური, მყარი კონსტრუქცია, რომელიც 1985 წლიდან ეკიდა და მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

„ეს მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და ტექნიკურმა სამსახურმა ჩაიბარა. ტექნიკურმა სამსახურს კი, მაშინაც იგივე პიროვნება ხელმძღვანელობდა, ვინც დღეს ხელმძღვანელობს. მოგვიანებით, ეს პიროვნება საუბრობდა იმაზე, რომ ჭერი ცეცხლსაშიშია და უნდა გამოიცვალოს. ამის შემდეგ 347 000–ლარიანი ტენდერი ცხადდება და ჭერის ახალი ტექნოლოგიით დამზადება ხდება.

ამაში მათ აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჭერი ცეცხლსაშიში იყო და უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ მე იმაზე ვსაუბრობ, ერთი და იგივე ადამიანი ხელს ჯერ ცეცხლსაშიში კონსტრუქციის ჩაბარებას რომ აწერს და შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადების აუცილებლობას“, – განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.