გიორგი ანდრიაძე - მოვდივართ ახალი პოლიტიკური პლატფორმით და ჩემი ბეგრაუნდი სუფთაა
გიორგი ანდრიაძე - მოვდივართ ახალი პოლიტიკური პლატფორმით და ჩემი ბეგრაუნდი სუფთაა

ჩვენ მოვდივართ ახალი პოლიტიკური პლატფორმით და ჩემი ბეგრაუნდი სუფთაა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ანდრიაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემი ბეგრაუნდი სუფთაა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობისა, „მოქალაქეთა კავშირის“ სისხლიანი რეჟიმით დაწყებული, სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმით გაგრძელებული და სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმით გაგრძელებული, რომელმაც ქვეყანას ვერ მოუტანა ის დანაპირები ოცნება, რასაც ელოდებოდნენ. გვინდა, შევცვალოთ ახალი პოლიტიკური სახეებით, რომელთა ფესვებიც ეროვნულ მოძრაობაშია“, – განაცხადა ანდრიაძემ.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი პროგრამებიდან ყველაზე აქტუალური საკითხი არის მევახშური საბანკო სისტემის დემონტაჟი,დანგრევა და შეცვლა ევროპული საბანკო სისტემით.

„ამ ხელისუფლებების განმავლობაში ბანკებმა ქართული მოსახლეობა უბრალოდ, გააღატაკეს და ძალიან ბევრი ადამიანი სასოწარკვეთამდე მიიყვანეს. მათ სინდისზეა საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა და ეს ფონი უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სოციალური სისტემის გაუმჯობესება, რომლის რესურსიც საქართველოს ბიუჯეტს აქვს. უბრალოდ, ამის პოლიტიკური ნება არ იყო“, – განაცხადა ანდრიაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ყველაზე მთავარი გზავნილია პროექტი – „შეიძინე ქართული ნაწარმი“, ანუ ქართული ბიზნესის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.

„ჩვენ ამ პროექტს ისედაც განვახორციელებთ. ეს არ არის ერთი პარტიის პროექტი. ვფიქრობ, ამას მოძრაობის საერთო სახე უნდა ჰქონდეს და იმედი მაქვს, ამ პროექტში ჩაერთვება ნებისმიერი პარტია, ვისთვისაც საქართველოს მომავალი, ქართული ბიუჯეტი და სახელმწიფოს გაძლიერება ძვირფასია“, – განაცხადა ანდრიაძემ

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში პოლიტიკური ტრიბუნა ექნება, რა თქმა უნდა, ყველა ამ გეგმას უფრო ადვილად განახორციელებს.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მათ უნდა შექმნან ახალი ძალა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, რომლებმაც პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებები ჩართეს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, დარჩენილი თექვსმეტი თვე ხელისუფლებას და მასთან კოჰაბიტაციაში მყოფ ძალას ვერ უშველის.

ანდრიაძის განცხადებით, იხილება საკითხი, რომ სანდრა რულოვსი მერად უნდა აირჩიონ მაშინ, როცა ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვთ, ამ ქვეყანაში საერთოდ ცხოვრობდნენ, რადგან წამების ფაქტები ჩაიდინეს.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ორივე ძალას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანი მოსახლეობის 30%-ის ნდობა აქვს, დანარჩენი ელექტორატი კი პასიურია, ნიჰილისტურ მდგომარეობაში და ეროვნულ ძალებს სწორედ ამ ხალხზე აქვს გათვლა.

„თუ ის ხალხი იაქტიურებს და მოვა, ამ ქვეყანას რამე ეშველება“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.