გიორგი აბურჯანიამ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ლუგოში“ გადასვლაზე ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი კლუბის სპორტული დირექტორის, ემილიო ვიკუერას ფაქტორი იყო.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებებს „სევილია“ ფლობს, „ლუგოში“ კი იჯარით 2019 წლის ივნისის ბოლომდე თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით დარჩება. სეგუნდა დივიზიონის გუნდში ქართველი ნახევარმცველი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ესპანეთში, ტარაგონას „ხიმნასტიკში“ იმ დროს გადავედი, როდესაც ამ გუნდში სპორტული დირექტორი ემილიო ვიკუერა იყო. მან ჩემს კარიერაში საკვანძო როლი ითამაშა – მისი როლი გადამწყვეტი იყო ამ ტრანსფერშიც. როდესაც ემილიოს გუნდში მოხვედრის შანსი გამიჩნდა, უყოყმანოდ დავთანხმდი. მან გამაცნო „ლუგოში“ წამოწყებული ახალი პროექტი, რომელიც ძალიან ამბიციურია და ამიტომაც ჩამოვედი“, – ამბობს აბურჯანია.
ესპანური მედია აღნიშნავს, რომ „ლუგოს“ ქართველი ახალწვეული უნივერსალურია. თუმცა, ქართველმა განაცხადა, რომ უპირატესობას შემტევ და შემოქმედებით ფეხბურთს ანიჭებს.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე უფრო დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ უფრო შემტევ როლებში ყოფნა მომწონს, ბურთი რომ გავათამაშო და შევუტიო. ამის მიუხედავად, იქ ვთამაშობ, სადაც გუნდსა და მწვრთნელს დავჭირდები. გუნდში ყველა ამბობს, რომ ეს რთული სეზონი იქნება, ამავე დროს, სეგუნდა დივიზიონი ძალიან რთული ტურნირია და დიდი კონკურენციაა. მაგრამ ჩვენ ამ მიზნებისთვის დიდი ენთუზიაზმით ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.