გიორგი აბურჯანია „ჰატაისფორმა“ მედიასთან წარადგინა #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია „ჰატაისფორმა“ მედიასთან წარადგინა #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ის „ჰატაისფორმა“ მედიასთან წარადგინა. ცნობილი გახდა, რომ თურქეთის სუპერლიგის გუნდმა, სადაც საბა ლობჟანიძეც გამოდის, საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„საქართველოს ნაკრების გამოცდილ ნახევარმცველთან, გიორგი აბურჯანიასთან ჩვენ გავაფორმეთ სამწლიანი კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელების პუნქტით. ახალწვეული თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: „სევილია“, „ლუგო“ და „ჟილ ვისენტე“. მივესალმებით გიორგის ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი აბურჯანიასთვის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ „ჰატაისპორის“ ვიცე-პრეზიდენტი აიდინ ტოქსოზი და სპორტული დირექტორი ვოლკან დემირელი, რომელიც თურქეთის ნაკრების მეკარე იყო.

აბურჯანიამ კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო რუსთავის „მეტალურგში“, უთამაშია გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“. შემდეგ კარიერა უცხოეთში გააგრძელა, ფამაგუსტის „ანორთოსისში“. მოგვიანებით ესპანეთში გადავიდა, გამოდიოდა „კარტახენას“, „ლუგოს“, „სევილია ბ“-ს, „ხიმნასტიკისა“ და „ოვიედოს“ რიგებში, იჯარით ნიდერლანდების „ტვენტეს“ წევრი იყო. ბოლოს ის პორტუგალიის ჩემპიონატში, „ჟილ ვისენტეში“ თამაშობდა.