„ჟილ ვისენტეს“ მწვრთნელი - აბურჯანია ჩვენთვის სასარგებლო ფეხბურთელია და გუნდის სტილს იდეალურად ერგება #1TVSPORT
„ჟილ ვისენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დანიელ სოუზამ გამოცემა 24.sapo-სთან კომენტარი გააკეთა თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გუნდის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქულ „ჰატაისპორში“ გააგრძელებს.
„არაფერი ვიცი, რადგან ამის შესახებ ჩვენს კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ აბურჯანია სასარგებლო მოთამაშეა და „ჟილ ვესენტეს“ თამაშის სტილს იდეალურად ერგება“, – განაცხადა პორტუგალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
გამოცემა „ა ბოლას“ ცნობით, 27 წლის ქართველ ნახევარმცველს „ჟილ ვისენტესთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება და თურქეთში გადასვლა გადაწყვეტილი აქვს.
გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც „ჟილ ვისენტეში“ ბოლო ორი სეზონი გაატარა, თურქულ „ჰატაისპორში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ასევე, შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდეს.
გიორგი აბურჯანიას „ალანიასპორიც“ იწვევდა, მაგრამ „ჰატაისპორში“ წასვლა ამჯობინა, სადაც საბა ლობჟანიძე სეზონის ბოლოს დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ კლუბმა საქმიანობა შეაჩერა მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც თურქეთის ეს რეგიონი ძალიან დააზარალა.