გიორგი აბურჯანია „ჰათაისფორის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია „ჰათაისფორის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი აბურჯანია „ჰათაისფორის“ ფეხბურთელი გახდა და საბა ლობჟანიძესთან ერთად ითამაშებს – ინფორმაციას თურქული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოცდილმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, რომელიც მანამდე „სევილიაში“, „ლუგოსა“ და „ჟილ ვისენტეში“ თამაშობდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენი გუნდის წევრი გახდა“, – წერს თურქული კლუბის ვებგვერდი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბოლოს პორტუგალიურ „ჟილ ვისენტეში“ თამაშობდა. აბურჯანიამ კარიერა 16 წლის ასაკში თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. თამაშობდა ქართულ კლუბებში – გორის „დილასა“ და „ლოკომოტივში“. 2014 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა კვიპროსულ „ანორთოსისთან“.

2016 წლის 8 იანვარს ესპანეთის მეორე დივიზიონის „ხიმნასტიკში“ გადავიდა, საიდანაც მალე „სევილიის“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ჯერ მეორე გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი იჯარით „ლუგოში​გაუშვეს.

2019 წლიდან აბურჯანია იჯარით ნიდერლანდების ჩემპიონატში, „ტვენტეში“ ჩაირიცხა, საიდანც კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, ჯერ – „ოვიედოში“, შემდეგ „კარტახენაში“ თამაშობდა, 2022 წლიდან კი პორტუგალიურ „ჟილ ვისენტეში“ აღმოჩნდა.

აბურჯანიას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ (17, 19 და 21- წლამდელთა) ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 38 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.