ლევან კორღალიძე – „ხეტაფე“ კარგად შევისწავლეთ და იმედია, გულშემატკივარს გავახარებთ #1TVSPORT

17:59, 25.11.2026

თბილისის „იბერიის“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე უეფა-ს კონფერენსლიგაზე ესპანურ „ხეტაფესთან“ მატჩამდე მედიას შეხვდა და მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებასა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ანდრია ბართიშვილი, სამწუხაროდ, ვეღარ დაგვიბრუნდება, თუმცა მას წარმატებასა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბედოშვილი კი გამოჯანმრთელდა და, დისკვალიფიკაციის საკითხის მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა, მალე შემოგვიერთდეს. იმედია, თამაშის უფლებას მისცემენ.

ახლა განწყობაზე საუბარი ზედმეტია – ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან, მით უფრო, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. იმედია, ხვალ იმ კარგ თამაშსა და შედეგს ვაჩვენებთ, რომელსაც ქართველი გულშემატკივრები ელიან.

შევეცადეთ, ფეხბურთელებისთვის მაქსიმალურად კარგად აგვეხსნა „ხეტაფეს“ ძლიერი და სუსტი მხარეები. მეტოქის ბოლო ხუთი მატჩი შევისწავლეთ. წარმატების ფორმულა არავინ იცის, თუმცა ამის წინაპირობა კარგი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის ფეხბურთელებამდე სწორად მიტანაა.

მიუხედავად იმისა, რომ დანიაში დავმარცხდით, ღირსეულად ვითამაშეთ. მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც წაგება აკმაყოფილებს, თუმცა ვისწრაფვით იმისკენ, რომ წარმატების ფორმულა ვიპოვოთ. ორ ფრონტზე საბრძოლველად მზად არ ვიყავით, მაგრამ ახლა მაქსიმალურად შევეცადეთ, როგორც ჩემპიონატში, ისე კონფერენსლიგაზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, ორივე ფრონტზე საბრძოლველად მზად ვართ.

„ხეტაფე“ ბოლო მატჩებში ბევრ გოლს უშვებს. ვერ ვიტყვი, რომ ევროტურნირებზე სხვაგვარად თამაშობს. ჩემი გზავნილი ფეხბურთელებისადმი ისაა, რომ მოედანზე მეტოქის სუსტი და ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. იმედია, ხვალ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვიქნებით და გულშემატკივარს გავახარებთ“, – ამბობს კორღალიძე

„იბერიისა“ და „ხეტაფეს“ მატჩი 26 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი