ალექსანდრე ამისულაშვილი – „ხეტაფესთან“ მატჩამდე გუნდში იდეალური განწყობაა #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მცველმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად კონფერენსლიგაზე ესპანურ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„რა შეცვალა ამ ტურნირმა ჩემთვის და რა გამოცდილება მივიღე? მოხარული ვარ, რომ ამ ასაკში ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მომეცა. ვცდილობ, განვვითარდე და ამაში ლევანი (კორღალიძე) ძალიან მეხმარება. იმედია, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
„იბერიის“ გასახდელში იდეალური განწყობაა. ხვალ ისეთი მატჩია, სხვაგვარი განწყობა წარმოუდგენელია. საზონოვს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ბიჭები იცნობენ.
რაც შეეხება დანიაში ჩატარებულ შეხვედრას, „პარკენზე“ თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო დაგვხვდა და ბევრი ქართველი გულშემატკივარიც მოვიდა. მხოლოდ შედეგი არ იყო კარგი.
მოგვიხსნა თუ არა ამ თამაშებმა ევროტურნირებთან დაკავშირებული სტრესი? რა თქმა უნდა, ასეა. ეს თამაშითა და გამოცდილების დაგროვებით მოდის. ყოველ მომდევნო შეხვედრას უკეთ ვატარებთ და, იმედია, ხვალაც ასე იქნება“, – ამბობს ამისულაშვილი.
„იბერიისა“ და „ხეტაფეს“ მატჩი 26 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:45 საათზე დაიწყება.