კახაბერ ცხადაძე – ჩემი მიზანი „ლიეპაიის“ ევროტურნირებზე დაბრუნებაა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „ლიეპაიის“ პრესსამსახურმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველი სპეციალისტი არაერთ საინტერესო თემას შეეხო.
„ყველაფერი საკმაოდ მოულოდნელად მოხდა. „ლიეპაიის“ მხრიდან ინტერესი გაჩნდა და ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ოჯახთან ერთად ლატვიაში ვიმყოფებოდი. ძალიან გვიყვარს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომელსაც ხშირად ვსტუმრობთ და აქ ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. გარდა ამისა, ლატვიაში ბევრი მეგობარი გვყავს. ყველაფერი განვიხილეთ და ძალიან სწრაფად შევთანხმდით.
გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დამჭირვებია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კლუბს ამბიციები ჰქონდეს. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრისა და ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ „ლიეპაიას“ სერიოზული მიზნები აქვს, მე კი მზად ვიყავი, ეს გამოწვევა მიმეღო და ამ მიზნების მისაღწევად მემუშავა. ეს ჩემს ღირებულებებს შეესაბამება, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, სწორედ ამიტომ ვარ აქ.
რაც შეეხება ლატვიურ ფეხბურთს, აქ არაერთ ქართველ მწვრთნელს უმუშავია და ფეხბურთელს უთამაშია. რევაზ ძოძუაშვილი ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და მე მას დიდ პატივს ვცემ. „ლიეპაიაში“ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა თამაზ პერტიაც, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ. ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის უამრავ ღირებულ ინფორმაციას მომაწვდის არა მხოლოდ გუნდის, არამედ, ზოგადად, ლატვიური ფეხბურთის შესახებ.
„ლიეპაიის“ მიზანი ევროტურნირებზე დაბრუნებაა. ამის მისაღწევად კი შეტევაში აგრესიულები უნდა ვიყოთ. ჩემი გუნდები ყოველთვის გადიოდნენ ევროტურნირებზე – ეს მინიმალური მოთხოვნა იყო. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც „ლიეპაიის“ ხელმძღვანელობამ ჩემ მიმართ ინტერესი გამოიჩინა და გუნდში ჩემი მიწვევა გადაწყვიტა.
ვარჯიშებისა და მატჩების დროს მომთხოვნი და მკაცრი მწვრთნელი ვარ, შედეგი კი ჩემთვის ყოველთვის უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებით საკმაოდ რბილი ადამიანი ვარ. ჩემი მიდგომა ძალიან ჰგავს გერმანიაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. იქ დიდი დრო გავატარე და „აინტრახტში“ ვთამაშობდი. გერმანიაში სამუშაო გარემო ძალიან მკაცრი და მომთხოვნია, თუმცა მის მიღმა ადამიანური ურთიერთობები მარტივი და პოზიტიურია.
იდეალური მწვრთნელი? პირველ რიგში, დავით ყიფიანს დავასახელებდი. ის გამორჩეული პიროვნება იყო – ძალიან განათლებული და ჭკვიანი, შესანიშნავი ფეხბურთელი და უმაღლესი დონის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. რაც შეეხება თანამედროვე ფეხბურთს, პეპ გუარდიოლას გამოვყოფდი. შეიძლება ითქვას, რომ ის იდეალური მწვრთნელია“, – ამბობს ცხადაძე.