გიორგი აბაშიშვილი - პლებისციტის შემთხვევაში, ხალხი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას დაუჭერს მხარს
გიორგი აბაშიშვილი - პლებისციტის შემთხვევაში, ხალხი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას დაუჭერს მხარს

ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაართვა, თუ ეჭვი ეპარებათ, რა სურს ქართველ ხალხს, უნდა ჩატარდეს პლებისციტი, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მიუღებელია. აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ პლებისციტის შემთხვევაში, საზოგადოება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას დაუჭერს მხარს.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა სრულიად არათანმიმდევრული და გაურკვეველი იყო – ასე დაასრულა და ასე იწყებს ახლაც გარკვეული ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასე გაურკვეველს და არათანმიმდევრულს.

გაურკვეველია, ზოგადად, რას წვალობენ, მათ შორის, რა წინადადებებზე საუბრობენ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ მაშინ, როცა უმაღლესი ლეგიტიმაცია ქვეყნის პირველ პირს ხალხის მიერ არჩევის შემთხვევაში ენიჭება. საზოგადოებას ეს მოთხოვნა უკვე დაფიქსირებული აქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ მოთხოვნას არავინ უგულვებელყოფს.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, სურს თუ არა ხალხს, პირდაპირი წესით აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, მოვუწოდებთ ყველას, ჩაატაროს პლებისციტი. დარწმუნებული ვარ, პლებისციტის დროს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

უმაღლესი ლეგიტიმაცია გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული პირდაპირი წესით, სხვა დანარჩენი დეტალები ამასთან დაკავშირებით არის კომიკური, ვინაიდან თავად ავტორები ვერ არიან ჩამოყალიბებულები რა ფორმატით გადაფარონ პრეზიდენტ მარგველაშვილთან კინკლაობა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.