იაგო ხვიჩია - პირდაპირი წესით ორი პრეზიდენტი გვყავდა არჩეული, მაგრამ მეეჭვება, მათი ყოფნა-არყოფნით ქართველ ხალხს რაიმე ეგრძნო, გახარიას „ბრწყინვალე“ ინიციატივას მეტს არ ვუპასუხებ
იაგო ხვიჩია - პირდაპირი წესით ორი პრეზიდენტი გვყავდა არჩეული, მაგრამ მეეჭვება, მათი ყოფნა-არყოფნით ქართველ ხალხს რაიმე ეგრძნო, გახარიას „ბრწყინვალე“ ინიციატივას მეტს არ ვუპასუხებ

პირდაპირი წესით ორი პრეზიდენტი გვყავდა არჩეული, მაგრამ მეეჭვება, მათი ყოფნა-არყოფნით ქართველ ხალხს რაიმე ეგრძნო. გახარიას ამ „ბრწყინვალე“ ინიციატივას მეტს არ ვუპასუხებ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება.

„მგონი, ცოტა დაგვიანებულია მსჯელობის დაწყება, საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ თუ საპრეზიდენტო, თუმცა მთავარია ის ძალაუფლება, რომელიც გადაგაწყვეტინებს, პრეზიდენტი როგორი წესით უნდა იყოს არჩეული. ვიდრე ეს ძალაუფლება არ გაქვს, მეეჭვება, ამას რაიმე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. ბევრი რამაა გასაკეთებელი, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის წესს შევცვლით. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი აგვაშენებდაო, რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არის არჩეული და არც ავუშენებივართ და არც დავუქცევივართ, დიდი არაფერი შეცვლილა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმი გვაქვს და ვინ იქნება მესამე, მეოთხე და მეხუთე კაცი, სამწუხაროდ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, წესის ცვლილებას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. პირდაპირი წესით ორი პრეზიდენტი გვყავდა არჩეული, მაგრამ მეეჭვება, მათი ყოფნა-არყოფნით ქართველ ხალხს რაიმე ეგრძნო. გახარიას ამ „ბრწყინვალე“ ინიციატივას მეტს არ ვუპასუხებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.