გიგანტური გალაქტიკა, რომლის გარშემო ჯუჯა გალაქტიკები ისე მოძრაობენ, როგორც ვარსკვლავთან პლანეტები
გიგანტური გალაქტიკა, რომლის გარშემო ჯუჯა გალაქტიკები ისე მოძრაობენ, როგორც ვარსკვლავთან პლანეტები

გალაქტიკა სახელად კენტავრი A, დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ერთ უცნაურ საიდუმლოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მის გარშემო, ერთ გეგმაზე მოძრაობენ ჯუჯა გალაქტიკები — ზუსტად ისე, როგორც პლანეტები ვარსკვლავის გარშემო ან ვარსკვლავები გალაქტიკის ბირთვის გარშემო.

ეს არა მხოლოდ ძალიან საოცარი რამაა, არამედ ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ჯუჯა გალაქტიკები უფრო დიდების გარშემო ყველა მიმართულებით, უწესრიგოდ მოძრაობენ, როგორც ფუტკრები სკაში.

დედამიწიდან 10-16 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე კენტავრი A ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი გალაქტიკაა.


მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ჯგუფს გარეთაა მოქცეული, ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს მანძილი საკმაოდ ახლოა. აქვს აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან კაშკაშა და მიმდებარე სივრცეში ისვრის გიგანტურ რელატივისტიკურ ნაკადებს. გარდა ამისა, აქვს უჩვეულო ფორმა — თან ელიფსური, თან ლინზისებრი.

ამავე დროს, წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ გალაქტიკას ადგილობრივ ჯგუფს გარეთ, რომელსაც გარშემო ჯუჯა გალაქტიკები ორბიტულ გეგმაზე აქვს.

ჩვენს ირმის ნახტომს, ისევე როგორც ანდრომედას გალაქტიკას, ჯუჯა გალაქტიკები ორბიტულ გეგმაზე უვლიან გარშემო, მაგრამ როგორც ლამბდას ცივი ბნელი მატერიის მოდელზე დაყრდნობით ჩატარებული კოსმოლოგიური სიმულაციები პროგნოზირებს, ეს პატარა გალაქტიკები შემთხვევითობის პრინციპით უნდა იყოს მიმოფანტული დიდების გარშემო და მოძრაობდნენ ყველა მიმართულებით, შედეგად, ანდრომედაც და ირმის ნახტომიც განცალკევებული, მარტოსული გალაქტიკებია.

კენტავრი A-ზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები მიუთითებს, რომ ის ასეთი არაა.


„ცივი ბნელი მატერიის თეორია ასტრონომებს არწმუნებს, რომ სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკები — ირმის ნახტომი და ანდრომედა საკმაოდ უცნაური გალაქტიკებია“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევითი სკოლის მკვლევარი ჰელმუტ ჯერჯენი.

„მიუხედავად ამის, როგორც ჩანს, ირმის ნახტომი და ანდრომედა ნორმალური გალაქტიკებია და თანამგზავრი გალაქტიკების ბლინის მსგავსი მბრუნავი სისტემები იმაზე უფრო მეტად გავრცელებულია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე გვეგონა“.

თანამგზავრ გალაქაქტიკათა გეგმები განსხვავდება პლანეტურისგან, რომელიც როგორც წესი, დედავარსკვლავის ეკვატორთანაა განთავსებული. კენტავრი A-ს, ირმის ნახტომისა და ანდრომედას გარშემო ორბიტულ გეგმაზე მოძრავი ჯუჯა გალაქტიკები ირწევიან დედაგალაქტიკის პერპენდიკულარულად, მის ბირთვში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის პოლუსების გარშემო.

მკვლევართა თქმით, ირმის ნახტომისა და ანდრომედას შემთხვევაში, გალაქტიკური გეგმის პოვნა ძალიან ადვილია.

დედამიწაზე, უბრალოდ, ცას გადაუღეთ ფოტოები ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ და შეხედეთ ვარსკვლავთა მდებარეობას. ანდრომედა მდებარეობს ჩვენგან 2,5 მლნ სინათლის წლის მანძილზე, დედამიწის კიდეზე ცაში, შესაბამისად, ადვილი შესამჩვნევია მის გარშემო მოძრავ ჯუჯა გალაქტიკათა გეგმის შემჩნევა.


კენტავრი A-ს შემთხვევაში, ეს ამბავი ცოტა რთულადაა, მაგრამ იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება ცის ერთ-ერთ ყველაზე უკეთ შესწავლილ ობიექტებს, არსებობს მრავალი ხერხი, მაგალითად, წლობის მანძილზე შეგროვებული მონაცემები. სწორედ ამ მონაცემებში იპოვეს მკვლევრებმა ინფორმაცია კენტავრი A-ს გარშემო მოძრავი 16 ჯუჯა გალაქტიკის შესახებ.

დოპლერის წანაცვლებამ, ანუ სინათლის ტალღის სიგრძემ გამოავლინა ამ გალაქტიკათა მოძრაობის მიმართულება.

„დავინახეთ, რომ მათ ნახევარს ახასიათებს წითელი წანაცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ გვშორდებიან. მეორე ნახევარს ახასიათებს ლურჯი წანაცვლება, რაც იმას გვეუბნება, რომ ეს გალაქტიკები გვიახლოვდებიან“, — ამბობს ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი მარსელ პავლოვსკი.

დადგინდა, რომ 16-დან 14 გალაქტიკა მოძრაობის ერთი და იგივე მახასიათებელს ემორჩილება. ირმის ნახტომთან აღმოჩენილი 11 თანამგზავრი გალაქტიკიდან, 8-ს პერპენდიკულარული გეგმა აქვს; ანდრომედასთან აღმოჩენილი 27 ჯუჯა გალაქტიკიდან კი პერპენდიკულარული გეგმა 15-ს აქვს.

იმის გამო, რომ ეს ფენომენი უკვე მესამედ აღმოაჩინეს, მკვლევართა თქმით, შემთხვევითობის გამორიცხვა უკვე შესაძლებელია. ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფენომენი იმაზე მეტად გავრცელებულია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა — ამჟამინდელი მოდელები მათ არსებობას ახლომდებარე გალაქტიკათა მხოლო 0,5 პროცენტის შემთხვევაში გვთავაზობს.


„ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც დაგვაკლდა. ან სიმულაციებს აკლია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, ან ძირითადი მოდელია არასწორი. ამ კვლევამ შეიძლება საფუძველი დაუდოს ალტერნატიული მოდელების ძიებას“, — ამბობს პავლოვსკი.

კვლევის უფროსი ავტორის, ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევრის, ოლივერ მიულერის თქმით, მიღებული შედეგები აძლიერებს მოსაზრებას, რომ ორ დიდ გალაქტიკას შორის შეჯახება — რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც ეჯახებიან ერთმანეთს — გრავიტაციული ძალების მიერ გამოტყორცნილი ნარჩენებისგან წარმოქმნის ჯუჯა გალაქტიკებს.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uci.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით