სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება

ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებით. ამიტომ, შესაძლოა, ეს რეგიონები მთავარ სამიზნედ იქცეს გრავიტაციული ტალღების წყაროებზე მონადირე მეცნიერთათვის. ამის შესახებ როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები იუწყებიან კვლევაში, რომელიც Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება.

კვლევა ახდენს შეუმჩნეველი რეგიონის იდენტიფიკაციას, რომელიც შეიძლება სავსე იყოს ერთმანეთის გარშემო მოძრავი შავი ხვრელებით და სწორედ იქიდან მოდიოდეს ბოლო დროს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღები. ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ მასიურ შავ ხვრელთა მასპინძელი გალაქტიკების იდენტიფიცირება ასტრონომებს დაეხმარება ახსნან, თუ როგორ წარმოიქმნება ერთმანეთის ორბიტაზე მოძრავ შავ ხვრელთა წყვილები.

როგორც კვლევის ავტორი , როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ასოცირებული პროფესორი სუკანია ჩაკრაბარტი აცხადებს, შავი ხვრელების შეჯახებისათვის ხელსაყრელი პირობები წარმოდგენილია დიდ სპირალურ გალაქტიკათა გარე გაზის დისკოებში.

ამ დრომდე, პატარა თანამგზავრი, ანუ ჯუჯა გალაქტიკები ყველაზე ხელსაყრელ გარემოდ მიიჩნეოდა შავ ხვრელთა პოპულაციის მასპინძლობისათვის: ვარსკვლავების მეჩხერი პოპულაცია, რკინის, ოქროსა და პლატინის მსგავს მძიმე მეტალთაგან დაუბინძურებელი გარემო (ეს ელემენტები ძირითადად სუპერნოვათა აფეთქების შემდეგ გაიფრქვევა) და უმოქმედო ქარები მასიურ ვარსკვლავებს ხელუხლებელს ტოვებს.

ჩაკრაბარტიმ გააცნობიერა, რომ ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკათა კიდეებს ჯუჯა გალაქტიკების მსგავსი გარემო აქვთ, მაგრამ ერთი მთვარი უპირატესობით — დიდი გალაქტიკების პოვნა გაცილებით მარტივია.

„გარდა ამისა, სპირალური გალაქტიკების გარე დისკებში საგრძნობლად დაბალია მეტალის შემცველობა და ეს ვრეცელი არეალები შავი ხვრელებით უნდა იყოს სავსე“.

„როგორც ეს კვლევა აჩვენებს, შავ ხვრელთა დაკვირვებების პროგნოზირების ან ინტერპრეტაციისათვის, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ არა მხოლოდ განსხვავებები სხვადასხვა ტიპის გალაქტიკებს შორის, არამედ მათში არსებული გარემოც“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მათემატიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი და LIGO-ს წევრი, რიჩარდ ო’შოგნესი.

სამყაროს სიღრმისეული შესწავლა ახლა უკვე შესაძლებელია, როცა მეცნიერებს საშუალება აქვთ ერთმანეთს შეურწყან გრავიტაციული ტალღების ასტრონომია და სინათლის კვლევის ტრადიციული საშუალებები. როგორც ბოლო დროის გასაოცარი კვლევები აჩვენებს, შავ ხვრელებსაც კი, რომლებიც იმდენად მასიურია, რომ ვერ გაურბის თვით სინათლეც — აქვთ გრავიტაციული ტალღები და მათი ოპტიკური თანამოძმე — იმ ვარსკვლავური კოლაფსის ნარჩენი მატერია, რომლის წყალობითაც ისინი წარმოიქმნენ.

„თუკი შეგიძლია შავი ხვრელების შერწყმის სინათლის დანახვა, შეგეძლება მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაც. ამის შემდეგ კი, დასკვნებს გამოიტან იმ პარამეტრების შესახებ, რომლებიც მართავენ სამყაროს, როგორც მთლიანობის სასიცოცხლო ციკლს — ეს კი კოსმოლოგიის წმინდა გრაალის თასია. გრავიტაცული ტალღები ამ ყოველივეს გაკეთების სრულიად დამოუკიდებელ გზას გვაძლევს და არაფერში სჭირდება ასტროფიზიკური შედარებები“, — ამბობს ჩაკრაბარტი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით