გია ფაცურია აცხადებს, რომ მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა
გია ფაცურია აცხადებს, რომ მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტშვილის მიმართ, რომელმაც სოციალურ ქსელში უფლებადამცველ გია ფაცურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დაისვა, – ამის შესახებ თავად უფლებადამცველმა გია ფაცურიამ განაცხადა. ის დღეს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს მოსამართლე ირინა იმერლიშვილთან ერთად შეხვდა.

„შევხვდი ბატონ ცაბუტაშვილს ქალბატონ ირინა იმერლიშვილთან ერთად. ირკვევა, რომ მასზე უკვე დაწყებულია დისციპლინარული დევნა, ანუ სრული საფუძველი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვადაზე ადრე შეუწყვიტოს უფლებამოსილება – ამას ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი. მე შემიძლია, შევიტანო სარჩელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებითაც, თუმცა ვუთხარი, რომ არ შევიტან ამ სარჩელს, თუ ბახუტოვს, რომელიც მან კახეთში მოსამართლეობის დროს მკველობისთვის გაასამართლა, (როცა კაცი ცოცხალი იყო) გადასცემს 500 ლარს. იმედი მაქვს, რომ „ფეისბუქში“ ნახავს ფორმას, რომ ბოდიში მომიხადოს“, – განაცხადა გია ფაცურიამ.

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის, სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმების გამოყენებას. საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.

დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი, კი თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.