ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დამტკიცდა
ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დამტკიცდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად, დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულოა, განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად პერსონალისთვის და ვიზიტორებისთვის ვირუსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით. ასევე ყოველი ატრაქციონის შესასვლელში, უნდა განთავსდეს ხელის სადეზინფექციო ხსნარი.

„ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის, უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ ორ საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

პერსონალი უზრუნველყავით: კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი გამჭვირვალე ბარიერებითა და ნიღბით – მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში; ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით; ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ ,,მხტუნავ ბაყაყზე“, „ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

თუმცა, გამონაკლისი ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე. (მშობლები, და-ძმა) ისინი შესაძლებელია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე.

რეკომენდაციები შემუშავებულია მხოლოდ ღია ტიპის ატრაქციონებისთვის, რაც შეეხება დახურული სივრცის მქონე ატრაქციონებს, მათი საქმიანობის განახლება აკრძალულია.