ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას არც დღეს დაესწრება
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას არც დღეს დაესწრება

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას არც დღეს დაესწრება.

ნაცვლიშვილის განმარტებით, „ლელო“ ყალბ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს და არ მიიღებს.

„ჩვენ მზად გვაქვს გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში უზრუნველყოფს ცხრავე რეფორმის უნაკლოდ განხორციელებას. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეიცვალოს რუსული ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ არ დავკარგავთ დროს და არც ენერგიას რუსულ ხელისუფლებასთან ერთად ევროპული რეფორმების განხილვაში. „ქართულ ოცნებას“ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ევროპული რეფორმების გასატარებლად, მაგრამ ვინაიდან რუსეთს ემსახურება და არა საქართველოს ინტერესებს, მათ ეს რეფორმები განზრახ ჩააგდეს. ამის შედეგია, რომ 12 რეკომენდაციიდან ცხრა საშემოდგომოდ გადმოგვაქვს. ამიტომ ამ პროცესში „ლელო“ მონაწილეობას არ მიიღებს. „ლელოს“ მთავარი ამოცანაა, ემსახუროს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ მოვამზადეთ კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევასრულოთ ცხრა რეკომენდაცია და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.