შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხისთვის რაც არ არის კარგი, იმას არ გავითვალისწინებთ, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა
შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხისთვის რაც არ არის კარგი, იმას არ გავითვალისწინებთ, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა

1988 წელს, ნოემბერში აქციები რომ იმართებოდა, სუვერენიტეტს ითხოვდნენ. პარადოქსია, რომ გავიდა 30 წელზე ცოტა მეტი და როგორ მოხდა, რომ ახლა ითხოვენ, აჯერებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ სუვერენიტეტის დათმობა, მისი არგაძლიერება უნდა იყოს მთავარი მიზანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, რა დოზით უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ დოზით, რა დოზითაც არის ეს კარგი ქართველი ხალხისთვის.

„რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ. რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ. როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა; როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაციები, რომ სანქციები დაგვეწესებინა; როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში. არ გავითვალისწინეთ. ესენიც მოდიოდა უცხოელი პარტნიორებისგან და არ გავითვალისწინეთ, რადგან ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 1988 წლის აქციებზე საზოგადოება სუვერენიტეტს ითხოვდა.

„დღეს ალბათ ნახავდით ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე და, მათ შორის, მისი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი არის აშშ. მათი განცხადება დღეს ნახეთ, რომ ჰქონდათ კონსულტაცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და პირდაპირ ითქვა, რომ აშშ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ისრაელის ხალხის ინტერესებით. ასე არის ყველა ქვეყანა. ამას ვითხოვდით 1988 წელს, მე პატარა ვიყავი, მოვესწარი და მახსოვს და 1988 წელს, ნოემბერში აქციები რომ იმართებოდა ამ შენობის წინ, იმ აქციებზე, მე, როგორც ბავშვი, ნამყოფი ვარ და მახსოვს, რას ითხოვდნენ – სუვერენიტეტს ითხოვდნენ. მართლაც პარადოქსია, რომ გავიდა 30 წელზე ცოტა მეტი და როგორ მოხდა, რომ ახლა ითხოვენ, ახლა აჯერებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ სუვერენიტეტის დათმობა, მისი არგაძლიერება უნდა იყოს მთავარი მიზანი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.