კახა კალაძე - ამ ქვეყნის პატრონი და ბატონი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და გაიზარდოს ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე
კახა კალაძე - ამ ქვეყნის პატრონი და ბატონი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და გაიზარდოს ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე

ევროპაშიც ღირსეულები, ძლიერი სახელმწიფოები სჭირდებათ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 29 აპრილის სახალხო შეკრებაზე მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება გამოჩნდა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო 29 აპრილს სახალხო შეკრებას. ვნახეთ, რომ მართლაც მთელი საქართველო, მთელი თბილისი იდგა რუსთაველის გამზირზე. ეს არიან გულანთებული ადამიანები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი სამშობლო. ყველამ ვნახეთ ის დამოკიდებულება, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ხალხის გავლენა ქვეყანაზე.

„აქვე მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი. ამ ქვეყნის პატრონი და ბატონი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა ქვეყნის გარედან ან ქვეყნის შიგნით. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაცია, ევროპული მომავალი, მაგრამ ეს ყველაფერი, გვინდა, გავაკეთოთ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და პირდაპირ ვიტყვი, უცხოური გავლენის შემცირებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ ასეთ საქართველოს ვხედავთ, ასე მიგვაჩნია, ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, განვითარება, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სუვერენიტეტი, გამყარებული სახელმწიფოებრიობა. სხვანაირად შეუძლებელია, იყო ღირსეული წევრი იმ ოჯახისა, რომელსაც ევროპა ჰქვია. იქაც ღირსეულები სჭირდებათ, იქაც ძლიერი სახელმწიფოები სჭირდებათ და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. ზუსტად ამ ღირსებით მიგვიღებენ ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.